"დარწმუნებული ვარ, ორ-სამ წელიწადში, მსოფლიო ამომავალ ვარსკვლავს გაიცნობს" - ვინ არის თამარ ივერის რჩეული - ანა ონიანი

ana

ერთი თვითმყოფადი, ნუშის თვალება, მეოცნებე გარდაბნელი გოგონასთვის, სიმღერა ბავშვობის სიყვარულად ქცეული გატაცება იყო. საგუნდო მომღერლობაც, ალბათ, ბავშვობას თან გაჰყვებოდა, ისიც ბიოქიმიკოსი თუ მეცნიერი გამოვიდოდა და რომ არა, ბიძის კეთილი რჩევა, დღეს ანა ონიანის სამომავლო საოპერო კარიერაზე არავინ ისაუბრებდა.

"ბიძამ მოსმენაზე ელზა ხარაძესთან მიმიყვანა და აქედან დაიწყო ყველაფერი. მან ძახილის ნიშნით თქვა, ეს ბავშვი ოპერის განხრით უნდა წავიდესო. კლასიკური მუსიკა ყოველთვის ძალიან მიყვარდა. ამიტომ ქალბატონი ელზას დასმული დიაგნოზი და ეს ახალი გამოწვევა, მივიღე" - ამბობს "პრაიმტაიმთან" ანა ონიანი.

პირველ პედაგოგს დაეთანხმა ცნობილი ტენორი, გიორგი ონიანი და ნიჭიერ ნათესავს კონსერვატორიაში ჩაბარება ურჩია. 

თუმცა, გოგონაში გარდატეხა გაცილებით ადრე მოხდა. როგორც ანა გვიყვება, მისი სრული ტრანსფორმაცია პატრიარქის "ავე მარიას" უკავშირდება. იანო ალიბეგაშვილის შესრულებულმა ამ ძალზე ემოციურმა ნაწარმოებმა, ახალი ცხოვრების გზის გასაყარზე მდგარი ანა, სწორი მიმართულებით წაიყვანა. ამბობს, რომ ის უცნაური ჟრჟოლვა, რაც მოსმენისას დაეუფლა, დღემდე ახსოვს და აფორიაქებს. აი, რა არის ჭეშმარიტ ხელოვნებასთან თანაზიარობა...

ანა ონიანი: მახსოვს, სადღაც 14 წლის ვიყავი; მაშინ ფიქრიც კი არ მქონია, რომ ოდესმე ოპერას ვიმღერებდი და... უცებ ტელევიზორიდან მესმის "ავე მარია", შოკი მივიღე! გაოგნებული ვიყავი, ასეთი ლამაზი, არამიწიერი ხმით სიმღერა როგორ შეიძლებოდა. დღემდე მახსოვს ეს შეგრძნება. იმ დროსაც ბევრი ჟანრის მუსიკას ვუსმენდი (დღემდე ასე ვარ). ვგიჟდები ჯაზზე. მაგრამ ეს რაღაც საოცრება იყო, შეუდარებელი! გამაოგნა. ეს არ იყო ჩვეულებრივი შეგრძნება...

სამი წლის შემდეგ ანა უკვე კონსერვატორიის სტუდენტი გახდა. სამი წელი გოჩა ბეჟუაშვილის კლასში ისწავლა. თუმცა, თავიდან, მისაღებ გამოცდაზე, თამარ ივერმა შენიშნა, რომელიც კომისიის წევრებს შორის იჯდა. როგორც მომღერალი "პრაიმტაიმთან" ამბობს, ანას  თვალშისაცემი სულიერება მაშინვე გამოარჩია.

"ამ ფერიასავით გოგოს, ნამღერ ფრაზებში, საოცარი სულიერება ეტყობოდა. ჩემი ყურადღება მისმა მუსიკალურობამ და ლამაზმა ლეგატომ მიიქცია. არის რაღაცები, რაც ადამიანს ბუნებაში აქვს, უპედაგოგოდ, სწავლის გარეშე. ეს არის არტისტიზმი, მუსიკალურობა და ხმაში ბუნებრივი ლეგატო. მოკლედ, ანამ თავისი ხმის ხარისხით და ყველა ამ მონაცემის გამო, კომისიის ყველა წევრის მოწონება დაიმსახურა. უმაღლესი შეფასება დავუწერეთ. და როდესაც ცნობილმა ტენორმა, გიორგი ონიანმა მორიდებით მოიკითხა გერმანიიდან, აბა, რა ქნა ჩემმა ნათესავმაო (მანამდე გაგვაფრთხილა, ყურადღება მიაქციეთო), რა სჭირდა საპროტექციო, უმაღლესი ქულა მიიღო-მეთქი, რომ ვუთხარი, სასიამოვნოდ გაოცდა..." - ამბობს თამარ ივერი "პრაიმტაიმთან".

აი, რას ამბობს პედაგოგზე შეყვარებული ანა.

ანა ონიანი: თამარ ივერი ძალიან დიდი ფიგურაა  ქართულ საოპერო სივრცეში. დიდი გამოცდილების მატარებელია. მასთან მუშაობა დიდი გამართლებაა. თავდაუზოგავ შრომასთან ერთად, ამ პროფესიაში გამართლებაც გჭირდება. მის ყურადღებას და გვერდში დგომას პირველივე კურსიდან ვგრძნობდი. მეოთხე კურსზე, მის კლასში, ჩემი სურვილით გადავედი და ეს ჩემთვის ახალი ეტაპის დასაწყისი აღმოჩნდა.

მოქმედმა მომღერალმა ზუსტად იცის, ყველა დეტალი, შეგრძნებები. ოპერა შეგრძნების პროფესიაა, თავისუფლებაა. პედაგოგს დიდი ინტუიცია, სმენა, ალღო სჭირდება. მე გამიმართლა.

თამარ ივერი: სწავლის პროცესში, კონცერტებზე გასვლის წინ, ანა რჩევებს მეკითხებოდა. ვაძლევდი რჩევებს, ქვედა რეგისტრზე, სცენაზე დგომასთან დაკავშირებით, შებოჭილი, თავდახრილი იდგა, დაბნეული აქეთ-იქით იყურებოდა. ერთხელაც მითხრა, თქვენ მე ისეთ რჩევებს მაძლევთ, რასაც სხვაგან ვერ ვიღებ, არადა, როგორც მომღერალს, ეს რჩევები მზრდისო. მოკლედ, ჩემს კლასში გადმოსვლაზე პირველად უარი ვუთხარი. ის პედაგოგი, ვისთანაც დადიოდა, ჩემთვის პატივსაცემი, ჩემი ყოფილი პედაგოგი გახლდათ. მერე ვხედავდი, რომ ამ ბავშვს დიდი მონაცემები ჰქონდა, მაგრამ სცენაზე შებოჭილი იყო.

სცენაზე გასვლიდან დაწყებული, ყოველი მიხრა-მოხრა, კაბის ტარება, მანერები, დახვეწილობა - ყველაფერი ეს გამოარჩევს დივას და ვარსკვლავს რიგითი მომღერლისგან. ნანი ბრეგვაძის სცენაზე დგომა და მიხრა-მოხრა (პირიც რომ არ გააღოს), ეს უკვე ხელოვნებაა. ის რუდუნებით ეკიდება ყველა დეტალს, ტანსაცმელს, აქსესუარს, მოძრაობას. თავჩაქინდრული, წელში მოხრილი და ჩქარი ნაბიჯით გასვლა-გამოსვლა რომ არ ახასიათებდეს მომღერალს, ამაზე პედაგოგმა უნდა იმუშაოს და მისგან დივა უნდა შექმნას. ზოგჯერ ბავშვი კონცენტრირებულია მაღალ ნოტებზე და არ იცის, რა ეცვას, როგორ გამოვიდეს სცენაზე და ასე შემდეგ. მერე გული სწყდებათ, ნოტებს კარგად ვაჩერებ, კარგად ვმღერი და რატომ ვერ ვიკეთებ კარიერასო? იმიტომ, რომ არ ხარ ის პროდუქტი, რომ აგენტს მოეწონო, რომელიც ხედავს, რომ ამ დაუხვეწელობის გამო, ვარსკვლავად ვერ გაქცევს.  ასეთ ალეგორიულ შედარებას მოვიყვან, შეიძლება უმაღლესი დონის ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო, ორი-სამი დეტალით გახდე. მე კიდევ მენანებოდა ანა სამ ვარსკვლავიანობისთვის. მინდოდა რანგი აემაღლებინა. 

თვითონაც იაქტიურა, იქნებ გახდეთ ჩემი პედაგოგი, თქვენში ვპოვებ გადარჩენის იმედსო. და ჩემს კლასში გადმოვიდა. 

ენები იცის, ნიჭიერი გოგოა. მივეცი მდიდარი რეპერტუარი. უფრო და უფრო იხვეწება. მეც მის მსგავსად შებოჭილი ვიყავი. არტისტულობა და ნაწარმოებში ჩართულობა აკლდა და ესეც შეიძინა.

აქვე გეტყვით, რომ ჩვენი სფეროს აგენტებს იპყრობს ანას საოცარი ხმა, სულიერება, მუსიკალურობა. სიმღერას რომ იწყებს, გიპნოზში აგდებს მსმენელს. ეს მისი ტუზ კოზირია. ლაური ვოლტიმ რენატა ტეპალდიზე თქვა ასეთი გენიალური რამ, ის როგორც შაქარი, ისე იხსნება და უკვალოდ დნება წყალში და ასე ატკბობს თავისი ხმით მუსიკასო. ანაც თავისი მუსიკალურობით ასე ატკბობს და პუბლიკაზე მოქმედებს.

ყველასთვის საყვარელმა ბარიტონმა, ბატონმა რეზო ლაგვილავამ ანა რომ მოისმინა, მითხრა, პირველად მოვისმინე გოგონა, რომელიც მუსიკას შენობით ელაპარაკებაო. მიხარია, რომ მისი ტალანტი დაინახა.

ანას გარეგნობაც დამახასიათებელია. დღეს ყველა ქალი ერთმანეთს ემსგავსება ბოტოქსით და პლასტიკური ჩარევებით. ანანოს ინდივიდუალური და ბუნებრივი გარეგნობა აქვს, ისევე როგორც, ჰქონდა მარია კალასს, აქვს ნანი ბრეგვაძეს. დღეს იშვიათი გახდა ინდივიდუალური გარეგნობის ქალები. ანანოს გარეგნობა კი, მის შინაგან სამყაროს და სიმღერას ძალიან ესადაგება. ღრმა თვალები და ბუნებრიობა მას სცენაზე ძალიან მიეხმარება. 

პედაგოგმა, სტიმულისთვის და წარმატებისთვის, საყვარელ მოსწავლეს საკუთარი კაბა აჩუქა. თანამედროვე საოპერო სცენა მომნუსხველმა, სექსუალურმა მომღერლებმა დაიკავეს, რომლებიც ტოლს არ უდებენ ჰოლივუდის კაშკაშა ვარსკვლავებს და ძლიერი ენერგეტიკით მთელს დარბაზს ფეხზე აყენებენ. წარსულს ჩაბარდა ჭარბ წონიანი საოპერო შემსრულებელთა ეპოქა. დღეს სპექტაკლებში სულ სხვა ცეცხლი ინთება...  და თუ მართლა, თვალისმომჭრელად არ გამოიყურები, გაგიჭირდება საოპერო ცის კაბადონზე დიდხანს ციალი. 

ანა ონიანი: ადრე, გუნდში სიმღერის დროს, შავი გრძელი კაბებით ვმღეროდით. ამიტომ ჩემ გარდერობში მხოლოდ შავი კაბები იყო და... უცებ, თამარის ნაჩუქარმა ყვავილებიანმა კაბამ სულ სხვა ენერგეტიკა მოიტანა, სხვა აურა დატრიალდა. ჩემში ოპერის მომღერალმა გაიღვიძა! ეს შეგრძნება მართლა სხვანაირად მახსოვს. 

თამარ ივერი: არ შეიძლება მოტირალი ქალივით სულ ფართხუნა შავი კაბები გეცვას. აგენტმა რომ შეგამჩნიოს და აგიყვანოს, შენში სექსუალურობაც უნდა დაინახოს, ქალურობაც, პიროვნებაც. ადრე შეგეძლო გენიალურად გემღერა და ჭარბი წონით მდგარიყავი; მონსერატ კაბალიეს მსგავსად. დღეს უკვე შეიცვალა მიდგომები, ათასი ფანტაზია აქვთ რეჟისორებს. რაღაცები მომწონს, რაღაცები - არა. ოპერის რეჟისორები მომღერლებს სცენაზე დაარბენინებენ. არია, შეიძლება კიბის თავში დაიწყოს, მერე ჩამოდის, კიბეს აირბენს. ხან დაწოლილს ამღერებენ, ხან ფეხზე, ხან დამჯდარს. მოკლედ, ფიზიკური მონაცემების გარეშე, ასეთი მოძრაობები, სიმღერის დროს, გაგიჭირდება. არიების შესრულებას მოძრაობებში შესრულებას გავალდებულებენ. საოპერო ინდუსტრია მოძრავი და მობილური გახდა. 

 ანას სასცენო გარდერობი კი, ნელ-ნელა შეიცვალა. ვაჩუქე ლამაზი კაბა, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა. საფრანგეთში კონცერტში უნდა მიმეღო მონაწილეობა, ამისთვის შევიძინე ეს ვარდებიანი კაბა, მაგრამ იქ არეულობა იყო, გამოსვლები და კონცერტი გადაიდო. მას შემდეგ ეს კაბა აღარც ჩამიცვამს.

მათ, ვინც ჩემს ჩანაფიქრს პუბლიკამდე მიიტანენ და წარმატებებს მიაღწევენ, ტრადიციულად, ვაჩუქებ კაბას. და ეს უკვე ტრადიციად ვაქციე. გამორჩეულ მოსწავლეებს სიმბოლურად ასეთ საჩუქარს ვუკეთებ. 

ანა გვიყვება, რომ ჩვენთვის საამაყო ოპერის მომღერლებთან ურთიერთობა და რჩევები, მას დიდ სამსახურს უწევს. 

ანა ონიანი: ბევრი მასტერკლასი გავიარე, მათ შორის - იანო ალიბეგაშვილთან, პაატა ბურჭულაძესთან. ლეგენდარული მომღერლებისგან რჩევების მიღება, ძალიან მნიშვნელოვანია. ქებას ნაკლებად ვიმახსოვრებ, შენიშვნა უფრო მახსოვს, რადგან პროგრესზე ვარ ორიენტირებული, ვმუშაობ შეცდომის თუ ნაკლის გამოსწორებაზე. თუმცა მახსოვს, პირველად თამარ ივერის მიერ ნათქვამი ფრაზა, მე მჯერა შენ ძალიან ბევრს მიაღწევო. მერე ეს ფრაზა სხვებმაც მითხრეს. ეს უდიდესი სტიმულია. მეხმარება და მზრდის მათი დამოკიდებულება, როგორც მეგობარს და ახლობელს, ისე მირჩევენ და გვერდში მიდგანან. ეს ბედნიერებაა ჩემთვის. ჩემთვის ძვირფასი ადამიანია ანიტა რაჭველიშვილიც. მისგანაც ბევრი რჩევა მიმიღია...

თამარ ივერის მიერ დაარსებულ კონკურსზე ანა ონიანმა, შარშან, მსოფლიოში ცნობილი აგენტების ყურადღება მიიპყრო. მოსმენაზე როსინის სემირამიდას არია შეასრულა. ახლა აგენტები ანას "დაძახილს" ელოდებიან. როგორც კი დამწყები სოპრანო, დიდ სცენაზე გასასვლელად მზადყოფნას გამოაცხადებს, მსოფლიოში გამოცდილი ოპერის აგენტები მასზე ნადირობას მაშინვე გამოაცხადებენ.

თამარ ივერმა ექსკლუზიურად გაგვანდო, რომ პატარა ქართველი სოპრანოთი ტულუზის თეატრის დირექტორია აღფრთოვანებული.

"ქრისტოფერ გრისტმა 2025 წელს ანა ბელინის ნორმაში კლოტილდას როლზე მიიწვია. ეს ამ პატარა გოგოს დიდი გამარჯვებაა. როგორც წესი, თეატრებში აგენტებმა უნდა წარგადგინონ. მე მსოფლიოში წამყვან აგენტს, ალესანდრო არიოზის ვესაუბრე და ვთხოვე, ონლაინ მოესმინა ანას ჩანაწერი და როგორც აგენტს, ეშუამდგომლა ტულუზის თეატრთან. ალესანდრო არიოზი იმხელა აგენტია, რომ პირადი მოსმენის გარეშე, ასე მარტივად არ წყვეტს ვინმეს თეატრთან შუამდგომლობის საკითხს. დიდი მიღწევა იყო, ასეთ რამეზე რომ წამოგვყვა და გვითხრა, კარგი, მე ამ გოგოს "მოვემსახურებიო". ჩემი სიტყვით, ნდობით და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ქრისტოფერ გრისტის ცუდი არ მოეწონება, ის ანას უშუამდგომლებს. ტულუზის კონტრაქტში კი მოიაზრება ხუთი-ექვსი სპექტაკლი. ეს იქნება ანანოსთვის დიდი ტრამპლინი. თუ თავს გამოიჩენს და დარწმუნებული ვარ, გამოიჩენს, ეს დიდი აგენტი, არიოზი გააგრძელებს მასთან თანამშრომლობას. ამის იმედი მაქვს. თუმცა, ყველაფერს თავისი დრო აქვს. დაველოდოთ მოვლენებს.

ანა ონიანი: გამოვტყდები. ჯერ კიდევ არ ვიყავი დარწმუნებული საოპერო მომღერლობას გავყვებოდი თუ არა, ეს პროფესია შინაგან მზაობასა და მენტალურ სიძლიერეზეა დაშენებული. ერთ-ერთი ყველაზე რთული და ეკლიანი გზაა საოპერო კარიერა. მაგრამ შარშანდელმა მოსმენებმა და აგენტების ჩემით დაინტერესებამ, საკუთარ თავსა და შესაძლებლობებში დამარწმუნა. ამ ინდუსტრიაში ასე აქტიურად მყოფი აგენტები რომ გეუბნებიან, ძალიან მოგვწონს და ამ გოგოს მომავლით დაინტერესებულნი ვართო, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

თამარ ივერი: აქვე გეტყვით, რომ ანა უკვე უყოყმანოდ აიყვანეს გეორგ შოლტის პრესტიჟულ აკადემიაში. დიდი კონკურენცია გაიარა და რამდენიმე თვით ჩავა იტალიაში და გაივლის კურსს.

მას უკვე დიდი მომავალი "ემუქრება". წელს, 6-დან 12 ოქტომბრის ჩათვლით, მესამედ ჩატარდება ჩემს მიერ დაარსებული კონკურსი "ბათუმის რაფსოდია". ანანო მასშიც მიიღებს მონაწილეობას.

მე დარწმუნებული ვარ, რომ ორ-სამ წელიწადში ანა ონიანი მსოფლიო საოპერო კარიერას მოიწყობს. მისი სახით ამომავალ ვარსკვლავს გაიცნობს და მიიღებს. მჯერა და იმედებს ვამყარებ მასზე. მეც, როგორც პედაგოგი, ყველანაირად ხელს შევუწყობ. 

ასევე დაგაინტერესებთ:

იკა ფაცაციამ ცრემლები ვერ შეიკავა: „ეს ვიდეო ვინც ნახა, ბედნიერება გადაედო"

"ვისხედით მარკესის მყუდრო ბინაში... ისე გულღიად უცინოდა თვალები, ისეთი გატაცებით ამზადებდა ჩაის. მინდოდა მეკითხა, მაგრამ თავი შევიკავე..." - ლანა ღოღობერიძე მარკესთან სტუმრობაზე