"ბატონო ვაჟა, თქვენი ქისა მე ჩავიდე ჯიბეში..." - იცოდით ეს ისტორია ვაჟა-ფშაველას ლექსზე "დამისხი, დამალევინე"?

vaja-fshavela

სოციალურ ქსელში ერთ-ერთი გვერდი ვაჟა-ფშაველას ლექსის "დამისხი, დამალევინეს" ისტორიას აქვეყნებს. 

ბევრმა შეიძლება არც იცის, რომ “დამისხი, დამალევინე...” ვაჟასია!

საინტერესო მოგონებასაც მოვაყოლებ: 1886 წლის აგვისტოს ერთ დღეს, ვაჟა თბილისში ჩამოვიდა. კვირას რიყის ბაზარზე ადრე გავიდა, ნანადირევი ტყავები მიწაზე გაფინა და დარცხვენილი დადგა. დათვის ტყავი მალე გაყიდა. მელიის 4 ტყავი ვიღაც ოფიცერმა შეიძინა. მგლის ტყავების გაყიდვა კი გაჭირდა. შუადღემდე ისიც გაყიდა. იქვე ქალის საკაბე გადააჭრევინა, ახლა წაღის ყიდვა დააპირა, მაგრამ ჯიბეში ქისა აღარ ჰქონდა. იყვირა, ბაზრის ბოქაულიც მოვიდა, მაგრამ მოპარულს ვინ დაუბრუნებდა? დარდიანი ვაჟა მუხრანის ხიდზე შეჩერდა, მტკვარს გახედა და წინა დღეს დაწერილი ლექსი გაახსენდა. ვიღაცამ ეტლი შეაჩერა და იქიდან ვაჟას მეგობარი პეტრე უმიკაშვილი გადმოვიდა.

–კაცო, აქ რამ გაგაჩერა, მტკვარში ხომ არ გინდა გადახტე?

– ლამის გადავხტე, მაგრამ თავი არ მემეტება.

მიუგო ვაჟამ და თავისი გასაჭირი მეგობარს უამბო.პეტრემ ვაჟა ძლივს დაითანხმა, ეტლში ჩასვა და ორთაჭალაში " გიჟ თარხანას " ბაღში წაიყვანა. იცოდა, ვაჟას სასმელი რომ მოერეოდა, დარდი გაუქრებოდა. მართლაც რამდენიმე ჭიქის შემდეგ ვაჟა წამოდგა და ხმამაღლა დასჭექა:

დამისხი დამალევინე, ეს ღვინო ოხერ–ტიალი,

ეგება წაღმა ვიფიქრო

სოფლის უკუღმა ტრიალი!

ორ წუთში ყარაჩოხელები ბოხი ხმით მღეროდნენ ვაჟას ლექსს. პოეტსაც ჯავრი გადაეყარა და გამხიარულდა.

ამ დროს სუფრასთან მივიდა მაღალი ახალგაზრდა.

– ბატონო ვაჟა, მე ერთი ობოლი კაცი ვარ, ერთი წიგნიც არ წამიკითხავს. დილით ბაზარში რომ დაგინახეთ, აზნაური მეგონეთ, ვიფიქრე ამას მაინც ბევრი ქონება ექნება–მეთქი და გითვალთვალებდით. თქვენი ქისა მე ჩავიდე ჯიბეში და მერე აქეთ საქეიფოდ წამოვედი.

ერთი ხელით ვაჟას ქისა მიაწოდა, მეორეთი - ჯამი დალია, პოეტი ადღეგრძელა და წავიდა.

პეტრე უმიკაშვილი გაოცდა.

ხედავ, ქურდსაც სინდისი ჰქონიაო.

დამისხი, დამალევინე,

ე ღვინო ოხერ-ტიალი,

ეგება წაღმა ვიფიქრო

ბედის უკუღმა ტრიალი!

ეგება გულის ვარამი

ჩავკლა მა ჯიხვის რქაშია.

თვალ-წინ დამიდგეს ლამაზი,

ჟრჟოლა მამკიდოს ტანშია,

დეზი ვკრა ჩემსა ლურჯასა,

გადავერიო ზღვაშია.

თქვენთან ძაღლურად სიცოცხლეს

სიკვდილი მიჯობს ცდაშია..

ვერ მააწონებ კარგ ყმასა,

რაც არ უჯდება ჭკვაშია!”