VIDEO: მძიმე ღამე საგარეჯოში - სასტიკი დანაშაულის სავარაუდო მოტივი სახელდება

საგარეჯო

საგარეჯოში, სასტიკი დანაშაულის ჩადენის სავარაუდო მოტივი სახელდება.

,,კურიერის" ინფორმაციით, ნოდარ ათუაშვილს ერთ-ერთ მოკლულთან კონფლიქტი ჰქონდა.

თუ როდის დაიწყო და განვითარდა კონფლიქტი, დეტალები უცნობია.

საგარეჯოში, შეიარაღებული თავდასხმის დროს დაჭრილი ვალერი მათიაშვილი "კურიერს" მომხდარის დეტალებს კლინიკიდან უყვება.

შეიარაღებულმა თავდამსხმელმა მას დამიზნებით იმ დროს ესროლა, როდესაც იქვე მდებარე მაღაზიის თანამშრომლების დახმარებას ცდილობდა. ვალერი მათიაშვილთან ერთად შეიარაღებული თავდასხმის სამიზნე გახდა ყველა, ვინც ეზოში გამოვიდა. ყოფილი სამხედრო მოსამსახურის, ნოდარ ათუაშვილის ტყვიამ ხუთი ადამიანი იმსხვერპლა.

მათგან ორი - დავით ნასრაძე და ზაზა ჩიხლაძე - ბიძაშვილები იყვნენ. მოკლულია ახალგაზრდა მამაკაცი ნოდო რჩეულიშვილი და მისი მეგობარი ზაქრო მათიაშვილიც. პოლიციის ლეიტენანტს, 37 წლის ოთარ ღვინაშვილს კი მკვლელმა ზურგში იმ დროს ესროლა, როცა სამართალდამცველი დაჭრილი მოქალაქის გადარჩენას ცდილობდა.

შეგახსენებთ, საგარეჯოში, 49 წლის ნოდარ ათუაშვილმა, საკუთარი საცხოვრებელი ბინიდან რამდენიმე გასროლით მოკლა 5 და დაჭრა 5 ადამიანი.

სპეციალური დანიშნულების რაზმის ადგილზე მისვლის შემდეგ, ათუაშვილმა სიცოცხლე, სავარაუდოდ, თვითმკვლელობით დაასრულა.

ამ დროისათვის, საგარეჯოს ჯეო ჰოსპიტალსში სამი დაჭრილი იმყოფება, ერთი თბილისშია გადაყვანილი, ერთი კი, უკვე სახლში გაწერეს.