ტრაგედია გორში - ცნობილია ავარიის ახალი დეტალები
1783973202
რა ვირუსები ცირკულირებს ზაფხულში და როდის არის საჭირო ექიმთან მიმართვა - ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა „პრაიმტაიმთან“ განმარტავს, რომ ამ პერიოდში ერთი კონკრეტული ახალი ვირუსი არ გავრცელებულა. მისი თქმით, სხვადასხვა ინფექციამ შესაძლოა, მსგავსი სიმპტომები გამოიწვიოს და განსაკუთრებული ყურადღება რისკჯგუფების წარმომადგენლებს სჭირდებათ.
„ერთი კონკრეტული და, მით უფრო, ახალი ვირუსი არ ცირკულირებს. ზაფხულის პერიოდი იმით არის გამორჩეული, რომ ის ვირუსები, რომლებიც მცირე რესპირატორულ დაავადებებს იწვევენ, მაგალითად, გრიპის ვირუსი, ნაკლებად გვხვდება და პრაქტიკულად არ ცირკულირებს.
თუმცა, არის სხვა ვირუსები, რომლებიც ცხელებით მიმდინარეობს. მათ შეიძლება ახლდეს რესპირატორული ჩივილები, ასევე ფაღარათი, მუცლის ტკივილი, ღებინება და სხვა სიმპტომები.
საკმაოდ ბევრი ვირუსი არსებობს, მათ შორის შეიძლება იყოს ადენოვირუსი, ენტეროვირუსი, სხვადასხვა ტიპის ვირუსები, ასევე კორონავირუსები, თუმცა არა კოვიდის გამომწვევი. ომიკრონის შტამი. აღნიშნული ვირუსები მსგავს სიმპტომებს იწვევენ და ახასიათებთ მწვავე მიმდინარეობა - შესაძლოა გამოვლინდეს ცხელება, ყელის ტკივილი, მშრალი ხველა, ან გასტროინტესტინური ჩივილები, როგორიცაა მუცლის ტკივილი და ღებინება.
ამ ვირუსების დროს სპეციფიკური მკურნალობა, როგორც წესი, საჭირო არ არის. თუმცა, თუ ადამიანი არ მიეკუთვნება რისკჯგუფს (ასაკოვანი პირები, მცირეწლოვნები, ორსულები, ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები) და სიმპტომები სამ დღეზე მეტხანს გრძელდება, აუცილებელია ექიმს მივმართოთ.