საქართველოში „ძროხის ყვავილის“ წელიწადში 1-2 შემთხვევა ყოველთვის არის, „მაიმუნის ყვავილი“ ქვეყანაში არ ყოფილა და იმედია, არც იქნება - იმნაძე

paata imnadze

თანამედროვე პირობებში ყვავილის გაჩერება არ არის ძალიან ძნელი, იმიტომ რომ ისეთი გადამდები არ არის, როგორიც კორონავირუსი იყო, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

იმნაძის განმარტებით, ყვავილების საწინააღმდეგო ვაქცინა არსებობს და ის „მაიმუნის ყვავილზეც“ საკმაოდ ეფექტიანია.

„ყვავილზე აცრა 1980 წლის მერე დედამიწაზე აღარ ხდება. ყვავილის ვაქცინა არსებობს და „მაიმუნის ყვავილის“ ვირუსისგანაც საკმაოდ ეფექტიანად იცავს. თუ საჭირო გახდება ეს ვაქცინა არსებობს, მსოფლიოს მისი წარმოების პოტენციალი გააჩნია, ასე რომ დიდ გართულებებს არ ველი, თუმცა, რა თქმა უნდა, ელემენტარული ჰიგიენური ნორმების დაცვა აუცილებელია“, - განაცხადა იმნაძემ.


მისი განმარტებით, მსგავს დაავადებებზე საქართველოში ზედამხედველობის სისტემა „კარგად არის აწყობილი“.

„შიში არასდროს არის კარგი. ჯერჯერობით, არ უნდა გვეშინოდეს, საშიში ნამდვილად არაფერია. 2 დღის წინ დავბრუნდი ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან. იქ სადაც ბევრი შემთხვევებია ევროპაში - იგივე ესპანეთში, პორტუგალიაში, დიდ ბრიტანეთში, იქაც კი არ არის ჯერჯერობით განგაშის მაღალი საფეხურები ჩართული. არაფერი ახალი არ არის. მაიმუნის ყვავილი 70-იან წლებში არის აღმოჩენილი.

როდესაც დედამიწაზე „ნატურალური ყვავილის“ ვაქცინაციის საშუალებით აღმოფხვრა მოხდა, იმ წლებში წამოყო სხვადასხვა ყვავილებმა/ნათესავმა ვირუსებმა თავი. მაგალითად, ეს იყო „მაიმუნის ყვავილი“, „ძროხის ყვავილი“ და სხვა. სხვათა შორის, საქართველოში რამდენიმე წლის წინ ყვავილის კიდევ ერთი ნაირსახეობა აღმოვაჩინეთ, რომელსაც „ახმეტა ვირუსი“ ვუწოდეთ, რადგან მთის საძოვრებში, მწყემსებში დადასტურდა. ასე რომ, საქართველოში ასეთ დაავადებებზე ზედამხედველობის სისტემა კარგად გვაქვს აწყობილი. საქართველოში „ძროხის ყვავილი“ ყოველწლიურად არა, მაგრამ რამდენიმე წელიწადში ერთხელ, 1-2 შემთხვევა ყოველთვის არის. „მაიმუნის ყვავილი“ ქვეყანაში არ ყოფილა, იმედია არც ახლა გვექნება, მაგრამ მზადყოფნა გვაქვს“, -განაცხადა იმნაძემ.