რას ამბობს თენგიზ ცერცვაძე კორონავირუსთან დაკავშირებით

tengiz cercvadze

საქართველო გახდა ერთ-ერთი პირველი ან შეიძლება საერთოდ პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელმაც კორონავირუსი გადააქცია პანდემიური და შიშის ზარის დამცემი ვირუსისგან რიგით რესპირაციულ ვირუსად, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
 
„ბევრი სვამს კითხვას, ჰონკონგის ვირუსი ან რინოვირუსი ან რესპირაციული ვირუსი უფრო საშიშია, ვიდრე კორონავირუსი. ეს ნიშნავს ერთს, რომ კორონავირუსი იმართება ძალიან კარგად და ჩვენ მას მოვერიეთ. მაინც კორონავირუსი რჩება პოტენციურად უფრო საშიშად, მაგრამ პრაქტიკულად მათ შორის სიმძიმეში განსხვავება წაიშალა. ეს რომ მესმის მიხარია, არა იმიტომ, რომ ისინი საშიშია, ისინი ჩვეულებრივად საშიშია, როგორც იყო, კორონავირუსი აღარაა საშიში, ჩვენ მოვერიეთ კორონავირუსს და ეს არის ძალიან კარგი დამადასტურებელი არგუმენტი იმისთვის, რომ საქართველო გახდა ერთ-ერთი პირველი ან შეიძლება საერთოდ პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელმაც კორონავირუსი გადააქცია პანდემიური და შიშის ზარის დამცემი ვირუსისგან რიგით რესპირაციულ ვირუსად.

კოვიდპანდემიის მიმართ საქართველოში ძალიან კარგმა სიტუაციამ გააჩინა ერთგვარი არასწორი შეხედულება მოსახლეობაში, რომ კოვიდპანდემია დამთავრდა ან მთავრდება, არა! ჯერ საქართველოშიც არ დამთავრებულა მთლიანად, მაინც არის ყოველდღიურად 100-იდან 500-მდე შემთხვევა და ძალიან მცირე, მაგრამ გარდაცვალების შემთხვევებიც. მაგრამ მსოფლიოში ასე არაა, ყოველდღიურად ფიქსირდება 300-400 ათასი შემთხვევა და 1000-1500 გარდაცვალება. მკვეთრად მოიკლო ინტენსივობამ, პიკიდან გამოსული ვართ, ბოლო პერიოდში სტაბილურია, მაგრამ ჯერ დამთავრების პირი არ უჩანს, პირიქით, ბოლო პერიოდში, საერთო კლების ფონზე შეინიშნა რიგ ქვეყნებში, ევროკავშირში, ამერიკაში და განსაკუთრებით იაპონიაში მატება. გუშინ იაპონიაში იყო 60 ათასი ახალი შემთხვევა. როგორ შეიძლება დამთავრებაზე ლაპარაკი, როდესაც ყველაზე წარმატებულ ქვეყანაში კოვიდის მართვაში, იყო 60 ათასი შემთხვევა“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.