როგორ დაეხმარა წმინდა ნიკოლოზი მოხუც წყვილს... - „ხალხმა დაცინვა დაუწყო, შენს თავს ელაპარაკებიო“

ნიკოლოზობა

წმინდა ნიკოლოზს არაერთი სასწაული უკავშირდება, მათ შორის, საქართველოშიც.

მოხუცი წყვილი და წმინდა ნიკოლოზი

ერთი კონსტანტინოპოლელი პატიოსანი ხელოსანი წმინდა ნიკოლოზისადმი საოცარი სიყვარულით იყო გამსჭვალული და ყოველწლიურად აღნიშნავდა მისი ხსენების დღეს. მოხუცებულობაში ის სიღატაკეში ჩავარდა. ერთხელ, წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღის მოახლოებისას, მოხუცმა მეუღლეს უთხრა:

– ახლოვდება ჩვენი საყვარელი წმინდანის ხსენების დღე. ჩვენ კი არაფერი გვაქვს ამის აღსანიშნავადო.

– შვილებიც არა გვყავს. ამიტომ არც ეს ხალიჩა გვჭირდება. მოდი, გავყიდოთ და აღებული თანხით აღვნიშნოთ ეს დღე, – ურჩია ცოლმა.

მოხუცმა ხალიჩა გასაყიდად წაიღო. გზად წმინდა ნიკოლოზი შემოხვდა დიდებული მოხუცის სახით და ჰკითხა:

– საით მიდიხარ, მეგობარო?

– ხალიჩა უნდა გავყიდო.

– როგორ ყიდი? – ჰკითხა მოხუცმა.

– ადრე 8 ოქრო მაინც ეღირებოდა. შენ კი, რაც გინდა, ის მიბოძე, – უთხრა ხელოსანმა.

წმინდანმა ხელოსანს 6 ოქრო მისცა, გამოართვა ხალიჩა და წავიდა. ამასობაში ხალხი შემოეხვია ხელოსანს და დაცინვა დაუწყო: – შენ რა, საკუთარ თავს ელაპარაკებიო?!

– ვერ დაინახეთ, როგორ იყიდა ჩემი ხალიჩა მოხუცმა?

არავინ დაუჯერა, რადგან მათ მართლაც არავინ დაუნახავთ.

ამასობაში წმინდა ნიკოლოზი მოხუცის ცოლთან მივიდა, დაუბრუნა ხალიჩა და უთხრა: შენს ქმარს დიდი ხანია ვიცნობ. გზაში შემხვდა და მთხოვა, ეს ხალიჩა შენთვის მომეტანა – შემინახოსო უთხრა და ქალს გაშორდა. ხელოსნის ცოლს ეგონა, ქმარს დაენანა ხალიჩის გაყიდვა და შინ დაბრუნებულს უსაყვედურა, წმინდა ნიკოლოზისთვის მიცემული აღთქმა როგორ დაარღვიეო.

– ვინ მოგიტანა ეს ხალიჩა? – ჰკითხა დაბნეულმა ცოლს. მანაც დაწვრილებით აღუწერა მოხუცი. ხელოსანმა სიხარულით შესძახა, – წმინდა ნიკოლოზს უყიდია ჩემგან ხალიჩაო. ორივემ მუხლმოდრეკით მადლობა შესწირა ღმერთს და წმინდა ნიკოლოზს, რომელიც მსწრაფლ შეეწევა ხოლმე მის თაყვანისმცემლებს.