1733258119
"ერთხელ კელიის კარი ღია დარჩა, შევედი და ვხედავ..." - რას გვიყვება მამა გაბრიელის დისშვილი
ვისაც მამა გაბრიელი გულში გყავთ, მის მიერ აშენებული პატარა ეკლესია და კელია აუცილებლად უნდა მოინახულოთ. კელია, სადაც უამრავი ძველისძველი ხატი და წმინდა ბერის ნივთები ხელუხლებლად დაგხვდებათ, ისნის რაიონშია, გაბრიელ სალოსის გამზირის მიმდებარედ.
სულ სხვა სამყაროში აღმოჩნდებით. რომ წარმოიდგენ, რომ ჩვენი მეოხი წმინდანის ნათითურებია ამ ხატებსა და ნივთებზე, მისტიკური განცდა გიპყრობს. მისი სამოსი, ჩექმა, ქუდი, ოლარიც აქვეა, შეგიძლია ემთხვიო, მიეახლო. ყველგან მამა გაბრიელია, კელია გაჟღენთილია წმინდა ბერის არსებით, უხილავითა და ხილულით. რწმენა ხომ "სხვა თვალს" გვიხელს და შეგვიძლია დავინახოთ ის, რასაც ურწმუნო ვერ ხედავს.
იქვე ჭერში კიდია დიდი ჯამი, რომელშიც სუხარს აგროვებდა, ამოთხრილია საფლავის მსგავსი ორმო, სადაც დრო და დრო, თვითგვემით იყო დაკავებული.
კელიას უვლიდა მამა გაბრიელის უფროსი და, ემა, რომელიც იმავე ეზოში ცხოვრობდა. მისი გარდაცვალების შემდეგ, ეს საქმე მისმა ვაჟმა, ელდარ ურგებაძემ გააგრძელა.
მამა გაბრიელის დისშვილი გვიყვება, რომ მასზე მისი ბიძა, მამა გაბრიელი 16 წლით უფროსი იყო.
ელდარ ურგებაძე: მამა გაბრიელ ჰყავდა ორი და და ერთი ძმა. მიშიკო ორი წლით უფროსი იყო მამა გაბრიელზე. მან თავისი ცხოვრება ციხეში გაატარა. გადასახლებული იყო მაგადანზე. იქიდან დაბრუნებული, ფილტვების ანთებით, 37 წლის ასაკში დაიღუპა. მათი პაპა ბოლშევიკი იყო, ვასილი.
ამ კელიას დედაჩემი უვლიდა. ახლა მე ვუვლი. თითქმის ხელუხლებელია ყველაფერი. ხატები ზოგი აჩუქეს, ბევრი სანაგვეზე გადაყრილი იპოვა და მოიტანა... ასე ნაპოვნითა და ნაჩუქარით ააგო ეს პატარა ტაძარი და კელია თავისთვის. როდესაც მცხეთიდან თბილისში ჩამოდიოდა, აქ ცხოვრობდა.
ჰქონდა ქართული ხმა, ბოხი, არტისტული. ჰყვებოდა გრძნობით, ხატოვნად. როდესაც წმინდანებზე გვიყვებოდა, ხან ხმას მოუმატებდა, ხან დაუწევდა, იმის მიხედვით, რა მდგომარეობაში იყო ის კონკრეტული წმინდანი იმ ისტორიაში. წმინდანების ცხოვრება ეკლიანია უმეტეს წილად. თუ ყურადღებით უსმენდი, მამა გაბრიელის ემოციური მონათხრობი ეკლებს დაგაყრიდათ კანზე.
მინდოდა მაგნიტოფონზე ჩამეწერა მისი საუბარი, მაგრამ ვერ დავიყოლიე. ვიდეოკამერა რუსეთიდან მქონდა ჩამოტანილი, მოდი, ვასიკო (მისი მამის სახელს ვეძახდით), გეხვეწები, გადაგიღებ-მეთქი, ვეტყოდი. ერთხელ დამთანხმდა, კარგიო. ჩაიცვა სუფთად, გამოვიდა და უცებ გადაიფიქრა, არ არის საჭიროო. ჩუმად ვერ გადავუღებდი.
აქვე არის გაჭრილი ორმო, რომელშიც ცოდვების მოსანანიებლად ჩადიოდა. ხომ სალოსობდა და იქ ჩავიდოდა და ამბობდა, ყველაზე ცოდვილი და ცუდი მე ვარო, თვითგვემას მიეცემოდა. ამ დროს კარი სულ ჩაკეტილი ჰქონდა. ერთხელ კელიის კარი ღია დარჩა და შევედი. ვნახე, ამ ორმოდან ამოდიოდა...
საკვები... ლობიო უყვარდა. მოხარშავდა და ბლომად ჩაყრიდა ქინძს. გემრიელი გამოსდიოდა, მაგრამ იმდენ პურს ჩაყრიდა შიგნით, რომ დააშრობდა. მერე მეორე დღისთვის გადაინახავდა იმ თეფშს. ხშირად ჰქონდა მოხარშული სიმინდი, დამარცვლული. ჰქონდა ბარდა. სუხრისთვის ჯამი ჩამოკიდა ჭერზე. ახლაც იქ კიდია.
მახსოვს, ჩემი მშობლების სახლის საძირკველი, აი აქვე ეზოში, მამა გაბრიელმა ამოთხარა. კადრივით მაქვს ჩაბეჭდილი, შავი ანაფორა ეცვა, ხელში ბარი ეჭირა და თხრიდა. მთელი საძირკველი მან ამოთხარა.
ეზოში, ქვები, კუნძი მისი მოტანილია. მის მიერ დაწერილ ფრაზებს გადააწყდებით... ყველაფერი ისე შევინახეთ, როგორც მან დატოვა.
როდესაც თბილისშია, გული ამ ადგილისკენ მოუწევს დედა პარასკევას, რომელმაც მამა გაბრიელის გვერდით სამი წელი გაატარა.
როგორც ის "პრაიმტაიმთან" ჰყვება, ყველაზე მეტად მამა გაბრიელის სიახლოვეს აქ გრძნობს.
დედა პარასკევა: როდესაც დახმარება სჭირდებათ და მამა გაბრიელთან ლოცვა სჭირდებათ, მე მომმართავენ და მამა გაბრიელი უცებ ისმენს ჩემს სიტყვას. ერთგვარი შუამავალი ვარ ადამიანებსა და მამა გაბრიელს შორის. მამა გაბრიელი ჩვენი მეოხია. რაღაცნაირად მე დედამიწაზე დამტოვა, რომ ადვილად გავაგებინო მას, რა გვჭირდება. ეს, მამა გაბრიელის მეოხებით, ღმერთის წყალობაა.
ვისაც განკურნავს, ვის ლოცვასაც შეისმენს, როგორც ჩანს, მათთან ძალიან ახლოს არის მამა გაბრიელი და მათი გულის ტკივილი შეისმინა.