„კახი უწმინდესის წინ მუხლებზე დაეცა და ეს სასწაული მოუყვა” – უცნობი ამბავი პატრიარქსა და კავასაძეზე

kaxi kavsadze

კახი კავსაძე 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. მსახიობი გარდაცვალებამდე, ბოლო ორი თვის განმავლობაში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა.

კახი კავსაძეს კორონავირუსი 2020 წლის 28 ნოემბერს დაუდგინდა. რამდენიმეკვირიანი მკურნალობის შემდეგ მსახიობი ბინაზე გაწერეს, თუმცა მისი საავადმყოფოში დაბრუნება ჯანმრთელობის გაუარესების გამო კვლავ გახდა საჭირო.

გთავაზობთ, ამონარიდს „პრაიმტაიმის“ არქივიდან, სადაც კახი კავსაძის ძმა მსახიობის თავს გადახდილ სასწაულზე ყვება.

კახი კავსაძის თავს გადამხდარ სასწაულზე შესაძლოა გაგებული გქონდეთ. ლეგენდარული მსახიობის ძმამ, ოპერის მომღერალმა იმერი კავსაძემ, “პრაიმტაიმის” მკითხველს უამბო, როგორ განკურნა უწმინდესის ლოცვამ კახი მძიმე სენისგან.

იმერი კავსაძე: – ბევრი ნარკოზი აქვს განაკეთები და მის ჯანმრთელობაზე ნეგატიურად იმოქმედა. უამრავი ოპერაცია აქვს გადაიტანა, თან მძიმე ოპერაციები.

გერმანიაში მორიგი გამგზავრების წინ, კახის საშარდე ბუშტზე გადაუღეს სურათი და ყვავილივით გაშლილი პოლიპები აღმოჩნდა. ძალიან ცუდი… გამგზავრების წინ მივიდა უწმინდესთან. მან დალოცა და გამოაცხადა, ბატონი კახი გერმანიაში მიდის და მოდით, მისი ჯანმრთელობისთვის ვილოცოთო. ასე დალოცა და გაუშვა.

კახი ჩავიდა გერმანიაში, აჩვენა ექიმს გადაღებული სურათი. კახი ყვება, ეს კაცი ჩემი სურათის ნახვისას გაშავდაო. დაიწყეს ექოსკოპიის კეთება, ვაა, გაოცებულია. დაუძახა განყოფილების უფროსს, მერე პალატის ექიმს, ყველანი გაშტერებული ათვალიერებდნენ თურმე დაავადებულ ორგანოს. მაგრამ წინა დღეს გადაღებული სურათი ექოსკოპიისას აღარ დახვდათ! აბსოლუტურად გამქრალი იყო ის პოლიპები. “იმიტომ აღარ მაქვს არაფერი, რომ წამოსვლის წინ ჩვენმა პატრიარქმა დამლოცაო” – უთქვამს გერმანელი ექიმებისთვის კახის. ისინი გაოცებული უყურებდნენ თურმე.

სასწაულია, აბა, რა არის? ჩამოვიდა კახი, უწმინდესის წინ მუხლებზე დაეცა და ეს ამბავი მოუყვა.

სანამ გივი ბერიკაშვილი ცოცხალი იყო, შაბათის ლოცვას ვესწრებოდით, წირვებზეც დავდიოდით. გივის გარდაცვალების შემდეგ ერთხელ ვიყავით საპატრიარქოში და საოცარია, მაგრამ ხელმოჭრილებივით ვიყავით. მერე არ მივსულვართ ლოცვაზე. აუცილებლად უნდა აღვადგინოთ სიარული, უწმინდესს მოვუკითხივართ, სად არიან კავსაძეებიო? საოცარი მეხსიერება აქვს. პირველად რომ გამაცნო კახიმ, მიყურა, მიყურა და კახის უთხრა, ძალიანა გგავთ, ბატონო კახიო. ბდნიერებაა მასთან მისვლა, ხელზე ამბორი. იქიდან განწმენდილის განცდით მოდიხარ…”