ნუცაზე ვინც აგდებულად ლაპარაკობს, ძალიან მაოცებს... ეს გოგო არ არის დახარბებული ფულის შოვნაზე - რას წერს თეა აბაშმაძე

თეა აბაშმაძე

ქართველი მომღერლის, ნუცა ბუზალაძის წარმატების შესახებ ემოციურ პოსტს აქვეყნებს თეა აბაშმაძე.

„ნუცა ბუზალაძეზე ვინც აგდებულად ლაპარაკობს, ძალიან მაოცებს. საოცარი ადამიანია ეს გოგო, უშვიათესად გამორჩეული თავისი შრომისმოყვარეობითა და შეუპოვრობით, თან საოცრად გულღია და ღირსეულია. სხვა ქართველი, პატარა წარმატებისას ეგრევე ამპარტავანი ხდება, იშვიათი გამონაკლისების გარდა. ხოდა, ეს გოგოც იშვიათი გამონაკლისია, უამრავ კონკურსში მიიღო მონაწილეობა და ყურადღებას მხოლოდ დიდ სცენებზე ამახვილებდა. საკუთარ თავს ცდიდა მასის წინაშე და დანარჩენი არ აინტერესებდა, საკუთარ ისტორიას აგროვებდა. რამდენი კონკურსი მოიგო, იბრძოლა და სულ წინ მიიწევს. იმ რუსულ პროექტში რომ creep იმღერა, რა სასაცილო შემფასებლები ჰყავდა რუსული ესტრადის კლოუნები და რომ არ გაამარჯვებინეს, ამ მართლა ბოროტმა კლოუნებმა :)) ეგეც ძალიან დრამატული მომენტი იყო და ნუცას ცხოვრებას უფრო საინტერესოს ხდის ასეთი უსამართლო მომენტები. აიდოლშიც შურის ობიექტი რომ გახდა, მაგანაც მის სასრგებლოდ იმუშავა და მისი ადამიანობა უფრო გამოავლინა. ეს გოგო არ არის დახარბებული კარიერაზე და არც ფულის შოვნაზე. მან ბავშვობიდან დააპროგრამირა საკუთარი ფსიქიკა კონკრეტული გეგმით და მთლიანად იხარჯება მიზნის მისაღწევად.

გამოიმუშავა უზარმაზარი ნებისყოფა და გაწრთვნა საკუთარი უნარები მთელი მონდომებით. არის უშიშარი და საკუთარ თავში დარწმუნებული ადამიანი და მთელი მისი არსება ასხივებს ამ ენერგიას. American Idol – ში როგორც წარმოაჩინა თავი, არამარტო როგორც არტისტმა, არამედ როგორც ღირსეულმა ადამიანმა, ჩემთვის მის შინაგან ზრდასრულობაზე მეტყველებს. თანაც ამავდროულად არის ძალიან მსუბუქი და ღია, მხიარული და კეთილგანწყობილი ყველას მიმართ.

გარეგნობაც ძალიან შთამბეჭდავი აქვს, მე ისიც მომწონს, რომ არ არის სტერეოტიპული სტანდარტების. ცოცხალი ადამიანია, ენერგიული, ძლიერი, ირგებს ყველაფერს რაც მოსწონს და არ უჭირავს სნობური პოზა არც ჩაცმაში და არც ქცევაში. ძალიან ბუნებრივი ადამიანია და ძალიან ნიჭიერი, კარგ პარტნიორს ეძებს გაცნობიერებულად, იცის რომ გზას გადის და უნდა რომ უფრო დაიხვეწოს და საბოლოოდ იქცეს მთელი მსოფლიოსთვის საინტერესო არტისტად.  და ის მართლა გახდება, რაც მის ისტორიას გადავავლე თვალი, ეჭვი აღარ მეპარება მაგაში…

ძალიან კარგი ფილმი გაკეთდებოდა ნუცა ბუზალაძის ცხოვრებაზე და მისი პიროვნების შესახებ. მაგარი ისტორია აქვს ამ გოგოს, რაც მას აყალიბებს ძლიერ ადამიანად. მისი ისტორია გვიხსნის, თუ რა ხასიათის თვისებები სჭირდება ადამიანს, იმისათვის რომ საკუთარი პოტენციალი გამოავლინოს და გაანათოს. როგორ არ გახდეს საკუთარი მიზნის მონა და ჯანსაღი დამოკიდებულება ჰქონდეს საკუთარი პერსონისა და მიღწევების მიმართ“, – წერს თეა აბაშმაძე.