სკოლებში არდადეგების თარიღები ცნობილია - სრული სია
1790971447
სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის მასშტაბური ღონისძიება, Agro Food Expo 2026, საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიას“ ორგანიზებით, რიგით 24-ედ გაიმართა. წლევანდელი გამოფენა უპრეცედენტო მასშტაბითა და რეკორდული მონაწილეობით იყო გამორჩეული. მასში 8 ქვეყნიდან 100-მდე კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. საერთაშორისო სექტორი გამორჩეული ბრენდებით ფართოდ იყო წარმოდგენილი, მათ შორის კორეიდან (9 კომპანიით), ნიდერლანდებიდან და იტალიიდან.
როგორც გამოფენის კურატორმა, ნინო გამრეკელმა აღნიშნა, ფორუმმა სრული აგროსასურსათო ჯაჭვი მოიცვა, ნიადაგის დამუშავებიდან, ნედლეულის მიღებამდე, გადამუშავებამდე, შეფუთვამდე და ბაზარზე გატანამდე. ღონისძიება უპირატესად B2B (Business to Business) ფორმატში შედგა, რაც დარგის პროფესიონალებისთვის პირდაპირი საქმიანი კონტაქტების დამყარების საფუძველი გახდა.
ტექნოლოგიური ინოვაციები და ციფრული ტექნოლოგიები სოფლის მეურნეობაში
ექსპოზე განსაკუთრებული აქცენტი თანამედროვე ტექნოლოგიებზე, ციფრულ და გონიერ დანადგარებზე გაკეთდა. გამოფენის კურატორის შეფასებით, ძალზე სასიხარულოა, რომ ამ ინოვაციურ დანადგარებს ქართული კომპანიები წარმოადგენენ და აწყობენ:
„წელს განსაკუთრებულ აქცენტს ვაკეთებთ თანამედროვე ტექნოლოგიებზე, ციფრულ და გონიერ დანადგარებზე. წარმოდგენილია აგროდრონები და ციფრული დანადგარები. ეს ყველაფერი ფერმერებს წარმადობის ოპტიმიზაციაში ეხმარება.“- განაცხადა ნინო გამრეკელმა.
ტექნოლოგიური მიმართულების ერთ-ერთი ლიდერის, XAG-ის წარმომადგენლის, ალეკო ჭუმბურიძის თქმით, მცენარეთა მოვლის სერვისი აგროდრონების საშუალებით პრაქტიკულად შეუცვლელია:
„ერთმოტორიანებში წარმადობა საათში 15-დან 25 ჰექტარამდეა, რაც ფერმერებს დიდ ძალისხმევას უზოგავს, რადგან შესაწამლი ფანჯარა ხშირად ძალიან პატარაა. აგროტექნიკური სამუშაო ბევრად უფრო ზუსტი და თანაბარია, წყალი ნაკლები იხარჯება და ეფექტიც უფრო სწრაფია.“- განმარტა ალეკო ჭუმბურიძემ.
ციფრული მართვის სისტემებზე საუბრობს In TechSol-ის გენერალური დირექტორი, ლაშა შალამბერიძე:
„ჩვენი ძირითადი მიმართულება ციფრული ტექნოლოგიებია, რომელიც ფერმერებს მოკლე დროში მაქსიმალური შედეგის მიღებას სთავაზობს. წარმოდგენილი გვაქვს პლატფორმა “აგროინტექსოლი”, რომელიც მეურნეობებში ციფრული მართვის სისტემების დანერგვას უზრუნველყოფს. რაც უფრო მეტი ციფრული ტექნოლოგია აქვს დანერგილი ფერმერს, მით უფრო კონკურენტუნარიანი ხდება ის ბაზარზე. წელს ჩვენს სტენდთან არაერთი უცხოელი სტუმარი იმყოფებოდა ისრაელიდან, ბელორუსიიდან და საფრანგეთიდან, რომლებმაც დიდი ინტერესი გამოხატეს ქართული ტექნოლოგიებისა და პროდუქციის მიმართ.“- განაცხადა ლაშა შალამბერიძემ.
ევროპულ სტანდარტებსა და სამომავლო გეგმებზე ამახვილებს ყურადღებას საწარმო „ნუტრიმაქსიც“, რომლის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ მსგავსი გამოფენები ხელს უწყობს ახალი ტექნოლოგიებისა და საერთაშორისო გამოცდილების დანერგვას, ბიზნესებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებასა და ადგილობრივი წარმოების კონკურენტუნარიანობის ზრდას.
ადგილობრივი მწარმოებლები, სიახლეები და ცოცხალი მასტერკლასები
გამოფენაში მონაწილეობენ წამყვანი ადგილობრივი კომპანიებიც, რომელთათვისაც ეს პლატფორმა ბიზნესის განვითარებისა და ახალი კონტაქტების დამყარების უმნიშვნელოვანესი შესაძლებლობაა. კომპანია „ჯეოსუნელების“ წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ გამოფენა დიდი შესაძლებლობაა პარტნიორებთან ურთიერთობის დამყარებისათვის.
„უკვე 21 წელია ბაზარზე ვართ და წელს პირველად ვიღებთ მონაწილეობას აგრო ექსპო 2026-ში. სტუმრებს გავაცანით ჩვენი ახალი, უფრო თანამედროვე, კომპაქტური და მოსახერხებელი შეფუთვები. გამოფენამ მოგვცა შესაძლებლობა, დაგვემყარებინა მრავალი B2B და B2C კონტაქტი, რასაც გაყიდვების ზრდას ვუკავშირებთ.“
დამთვალიერებლებს შესაძლებლობა აქვთ, ადგილზე დააკვირდნენ საწარმოო პროცესებს. როგორც „ვიტამელის“ დამფუძნებელი და CEO, დავით ქარდავა აღნიშნავს, რომ ექსპოს ფორმატით ეძლევა საშუალება, ლაივ რეჟიმში გაიმართოს მასტერკლასები.
“წარმოდგენილი გვაქვს გერმანული პრეცელისა და არტიზანული პურის ცხობის მასტერკლასები, რაც დამსწრეებს დეტალურ ინფორმაციას აწვდის ტექნოლოგიებზე.“- აცხადებს დავით ქარდავა.
აგრარული ფორუმი და პანელური დისკუსიები
ინოვაციური პროდუქტებისა და ტექნიკის წარდგენის პარალელურად, Agro Food Expo 2026 აგრარულ ფორუმსაც მასპინძლობს. საგამოფენო სივრცეში მიმდინარე მნიშვნელოვანი პანელური დისკუსიები ფერმერთა ყოველდღიურ საჭიროებებსა და დარგის განვითარების ხედვებს დაეთმო:
● მედიისა და აგროსექტორის დიალოგი: „საქართველოს აგროჟურნალისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელმა, რუსუდან გიგაშვილმა ხაზი გაუსვა აგროჟურნალისტიკისა და კომუნიკაციის როლს.
“პირველად იმართება პანელური დისკუსია, სადაც ბიზნესი, ტრადიციული და ციფრული მედია, ასევე საგანმანათლებლო სექტორი მსჯელობენ იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მიეწოდოს ფერმერს ხარისხიანი და დროული ინფორმაცია”,- განაცხადა რუსუდან გიგაშვილმა.
● განათლება, მდგრადობა და ინოვაციები: პარტნიორი „ფერმერთა ასოციაცია“ განიხილავს აგრარული განათლების როლს შრომის ბაზრის მოთხოვნებთან მიმართებაში, დუალურ პროფესიულ სწავლებას, განათლებაში ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაციასა და ახალგაზრდების შესაძლებლობების გაძლიერებას.
● სურსათის უვნებლობა და კანონმდებლობა: საკონსულტაციო ორგანიზაცია „სერტიფუდი“ (თორნიკე ცხვედაძე და ანდრია კალანდია) მცირე სასურსათო წარმოებების კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე, უვნებლობის მოთხოვნებსა და ბიზნესად გარდაქმნის გზებზე საუბრობს.
● ფინანსები და ექსპორტი: დისკუსიები გაიმართა ბიომეურნეობის, ბიოსერტიფიცირების, მწვანე ინჟინერიის, ენერგოეფექტური ტექნოლოგიების, ESG პრინციპების, მწვანე დაფინანსებისა და ფერმერებისთვის ფინანსურ პროდუქტებზე ხელმისაწვდომობის შესახებ.
Agro Food Expo-ს ფარგლებში მეწარმეებს და დარგის პროფესიონალებს კიდევ ერთხელ მიეცათ შანსი, ერთ სივრცეში გასცნობოდნენ ტენდენციებს, დაემყარებინათ ახალი კონტაქტები და პრაქტიკულად გამოეცადათ ინოვაციები, რომლებიც უახლოეს პერიოდში დარგის განახლების პროცესში გამორჩეულ მონაწილეობას მიიღებენ.