სად შეგიძლიათ ბავშვების წაყვანა „თბილისობის“ დღესასწაულზე - ღონისძიებების ჩამონათვალი

თბილისობა

დღეს და ხვალ დედაქალაქში „თბილისობასთან“ დაკავშირებული ღონისძიებები ჩატარდება.

თბილისის მერი მშობლებს ბავშვების წაყვანას რამდენიმე ლოკაციაზე ურჩევს.

რიყის პარკში, აბანოთუბანში და ორბელიანის მოედანზე.
 
„რიყის პარკში ორივე დღეს მრავალფეროვანი ღონისძიებები 12-დან ღამის 22 საათამდე იქნება. ესენია: გასტრონომიული ფესტივალი, ღვინის ფესტივალი, სამეწარმეო მარკეტი, საბავშვო გასართობი აქტივობები და კონცერტები. იქნება ატრაქციონები, სხვადასხვა ინსტალაცია. გარდა ამისა, 30-ში რიყეზე ქართველ შემსრულებელთა კონცერტია დაგეგმილი, ხოლო 1-ელ ოქტომბერს მიუზიკლი გაიმართება.

ორბელიანის მოედანზეც ამავე დღეებში კვებისა და ტკბილეულის ზონები იმოქმედებს. აქაც იქნება საბავშვო ღონისძიებები, მოეწყობა ინსტალაციები, სამაგიდო თამაშები, გასტრონომიული ფესტივალი, თეატრალიზებული პერფორმანსი ,,თბილისური ტრადიციები“ და ასე შემდეგ. იქვე, ათონელის, ფხოვისა და ფურცელაძის ქუჩებზე მუსიკალური ღონისძიებები, კონცერტები გაიმართება, როგორც ბავშვებისთვის, ასევე მოზარდებისთვის. რაც შეეხება აბანოთუბანს, 12 საათიდან 22 საათამდე გამოფენა-გაყიდვა ,,თბილისური მრავალფეროვნება“ მოეწყობა. 30 სექტემბერს საპატიო თბილისელების დაჯილდოების ცერემონია გაიმართება, რომლის ნახვაც პირდაპირი ეთერით იქნება შესაძლებელი. დღესვე თბილისობის დეტალური პროგრამა გავრცელდება." - აღნიშნა თბილისის მერმა მთავრობის სხდომაზე.