1733256870
„თბილისობა“ 30 სექტემბერს და 1-ელ ოქტომბერს გაიმართება
სახალხო დღესასწაული „თბილისობა 2023“, 30 სექტემბერს და 1-ელ ოქტომბერს გაიმართება.
როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ორი დღის განმავლობაში სხვადასხვა კულტურულ-გასართობი ღონისძიება გაიმართება, 30 სექტემბერს, 20:00 საათზე კი თბილისის საპატიო მოქალაქეებს დააჯილდოებენ.
„ტრადიციულად, წელსაც დედაქალაქი „თბილისობას“ აღნიშნავს. 30 სექტემბერს და 1-ელ ოქტომბერს რიყის პარკში, აბანოთუბანში და ორბელიანის მოედანზე, 12:00-დან 22:00 საათამდე სხვადასხვა კულტურული და გასართობი ღონისძიება გაიმართება. 30 სექტემბერს, 20:00 საათზე კი სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიმართება თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია, რომლის ოფიციალური ნაწილის დასრულებისთანავე დაიწყება საზეიმო კონცერტი. ღონისძიება პირდაპირ ეთერში გადაიცემა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, უახლოეს დღეებში მუნიციპალიტეტი საზოგადოებას მიაწვდის დეტალურ ინფორმაციას „თბილისობის“ პროგრამასთან დაკავშირებით.
„რამდენიმე დღეში თბილისელებს და დედაქალაქის სტუმრებს გავაცნობთ უფრო დეტალურ ორდღიან პროგრამას, სად რა კონცერტი გაიმართება. ბევრ სტუმარს ველოდებით. ვიცი, რომ ბევრი თბილისელი და ასევე, რეგიონებში მცხოვრებლები ელოდებიან „თბილისობის“ დღესასწაულს. წელსაც გვექნება შესაძლებლობა, ერთად ვიზეიმოთ ჩვენი ქალაქის დღე“, - განაცხადა კახა კალაძემ.