ახალი რეგულაცია მძღოლებისთვის, რომელიც 1 ივნისიდან ამოქმედდება
1748721263
ევროპელმა მეცნიერებმა დაბერების საწინააღმდეგო პრეპარატი თაგვებზე გამოცადეს და აღმოაჩინეს, რომ ამან მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა დაახლოებით 30-ით გაზარდა. ასევე, მღრღნელები ჯანმრთელ მდგომარეობაში უფრო დიდხანს იყვნენ, მათში ქრონიკული ანთება შემცირდა და სიმსივნის ჩამოყალიბებაც გადავადდა.
მედიკამენტები რეპამიცინი და ტრამეტინიბი სწორედ სხვადასხვა ტიპის სიმსივნის სამკურნალოდაა შექმნილი. ასევე, პირველი მათგანი გადანერგილი ორგანოების უკუგდების პრევენციისთვისაც ინიშნება და ექსპერიმენტებში ცხოველთა სიცოცხლეც გაახანგრძლივა. მეორე პრეპარატმა იგივე შედეგი მწერ დროზოფილას შემთხვევაში აჩვენა, მაგრამ უფრო დიდ ორგანიზმებზეც ვრცელდებოდა თუ არა ეს ეფექტი, უცნობი იყო.
ახალი კვლევის ფარგლებში სპეციალისტებმა თაგვებზე ისინი ცალ-ცალკე და ერთად გამოცადეს. რეპამიცინმა მღრღნელების სიცოცხლე 17-18%-ით გაახანგრძლივა, ხოლო ტრამეტინიბმა — 7-16%-ით. საერთო ძალებით ჩატარებული თერაპიისას ეს მაჩვენებელი ბევრად მაღალი იყო და 26-35%-ს აღწევდა.
კომბინირებულმა თერაპიამ მდედრებში სიცოცხლის ხანგრძლივობა საშუალოდ 34.9%-ით გაზარდა, მამრებში კი — 27.4%-ით. მაქსიმალური მაჩვენებელი 32.4% და 26.1% იყო. მნიშვნელოვანია, რომ მედიკამენტების გაერთიანებას ახალი გვერდითი მოვლენები არ გამოუწვევია. აგრეთვე, გენების ექსპრესიასთან დაკავშირებული კონკრეტული ცვლილებები მხოლოდ ამ კომბინაციისას იჩენდა თავს.
ასეთმა მკურნალობამ თაგვებში ღვიძლისა და ელენთის სიმსივნეების ზრდა შეაყოვნა. ტვინში, თირკმელებში, ელენთასა და კუნთებში ამან ასაკთან დაკავშირებული ანთებითი პროცესებიც შეამსუბუქა. დიდ ასაკში ცხოველები უფრო აქტიურები გახდნენ, ვიდრე კონტროლ ჯგუფის წარმომადგენლები. ასევე, მათ სხეულის მასაც ნაკლები ჰქონდათ და გულის ფუნქციაც ჩვეულებრივზე ნელა უუარესდებოდათ.
"ადამიანებში სიცოცხლის ასეთ გახანგრძლივებას არ ველით, თუმცა იმედი გვაქვს, რომ ჩვენ მიერ გამოკვლეული პრეპარატები ჯანმრთელობის შენარჩუნებასა და დაავადებების თავიდან არიდებაში ხანდაზმულობისას უფრო დიდხანს დაგვეხმარება", — აცხადებენ მეცნიერები.
შესაძლოა, ამ "კოქტეილის" ადამიანებზე გამოცდა მალე დაიწყოს, რადგან აშშ-სა და ევროკავშირში ორივე მედიკამენტის გამოყენება უკვე დაშვებულია.