საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს
1747841620
ტაურინი არის ამინომჟავა, რომელიც ორგანიზმში ბუნებრივად წარმოიქმნება. გვხვდება ენერგეტიკულ სასმელებში, თევზში, ხორცში. მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზმისთვის გარკვეული სარგებელი მოაქვს, ახალი კვლევა მიუთითებს, რომ ის ლეიკემიის და მსგავსი კიბოების განვითარების მნიშვნელოვანი წყაროც არის.
როჩესტერის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის მკვლევართა ჯგუფმა ლეიკემიის უჯრედების ქცევა შეისწავლეს და დაადგინეს, რომ ისინი შეიძლება ტაურინს „სესხულობდნენ“ მიმდებარე ძვლის ტვინისგან და უფრო სწრაფად გაზრდისთვის იყენებდნენ. ის ამ უჯრედებს ზრდის სტიმულს აძლევს, ზუსტად ისე, როგორც ენერგეტიკული სასმელების მიღების შემდეგ შეიძლება ვიგრძნოთ სიფხიზლის სტიმული.
როდესაც საცდელ თაგვებში მკვლევრებმა ტაურინზე წვდომა დაბლოკეს და ადამიანის ან თაგვის ლეიკემიის უჯრედები გადაუნერგეს, კიბოს ზრდა დაითრგუნა. ეს იმაზე მიუთითებს, რომ ტაურინის მიზანში ამოღება შეიძლება გამოსადეგი იყოს კიბოს ზოგიერთი ტიპის, მაგალითად, ლეიკემიის მკურნალობაში.
მკვლევრები შეშფოთებული სწორედ ამ დანამატებით არიან, მაგალითად, ენერგეტიკულ სასმელებში. დასკვნების გამოტანა ჯერ ადრეა, მაგრამ ორგანიზმისთვის დამატებითი ტაურინის მიწოდება ნამდვილად არაა საუკეთესო გზა კიბოს თავიდან ასაცილებლად.
საჭიროა დამატებითი კვლევები, რათა დადგინდეს, როგორ მუშაობს ეს ყველაფერი. ჯერ უცნობია, როგორ შეიძლება მოქმდებდეს ეს ადამიანებში ან რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ძვლის ტვინს გარეთ არსებულ დამატებით ტაურინს.
თუმცა, სხვადასხვა კიბოს შემთხვევაში, კონტექსტიც სხვადასხვაა. ცნობილია, რომ ტაურინი გარკვეულწილად ახდენს იმუნური სისტემის გაძლიერებასაც და როგორც წინა კვლევებმა აჩვენა, ეს შეიძლება კარგი იყოს კუჭის კიბოსთან ბრძოლაში.
კიბოს კვლევებში სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება მეტის გაგება კიბოს მეტაბოლიზმის შესახებ. ცნობილია, რომ გენეტიკური მუტაციები განაპირობებს კიბოს უკონტროლო ზრდას, მაგრამ ეს ამ დაავადების ერთადერთი ხრიკი არ არის.
მიუხედავად იმისა, რომ ენერგეტიკული სასმელები უდავოდ ისე მუშაობს, როგორც არეკლამებენ — გაძლევთ ენერგიის უცაბედ მოზღვავებას — სულ უფრო მზარდია შეშფოთება ამ სასმელების ჯანმრთელობაზე სარისკო გავლენის შესახებ; კვლევები მათ უკავშირებენ გულის დაავადებებსა და კოგნიტური დარღვევები.
შესაძლოა, პოტენციური უარყოფითი ეფექტების სიას კიბოს რისკებიც დაემატოს, მიუხედავად იმისა, რომ შაქრისა და კოფეინის მაღალი შემცველობა ალბათ უფრო დიდ ზიანს აყენებს ჯანმრთელობას, ვიდრე ტაურინი.
ამ აღმოჩენაში უფრო მნიშვნელოვანი ის არის, რომ კიბოს უჯრედების შეჩერება მათი ენერგეტიკული რაციონის შემცირებით შეიძლება.
ლეიკემია და სხვა მიელოიდური კიბოები ხელს უშლის სისხლის უჯრედების ნორმალურ ფუნქციონირებას, სწრაფად მოძრაობენ და სამკურნალოდ რთულია. ნებისმიერი რამ, რაც მათ შეანელებს, გამოჯანმრთელების მაჩვენებელს გააუმჯობესებს.
კვლევა ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია urmc.rochester.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.