„ხატის წინაშე ვიფიცებ...“ - ქეთი ეგიდუნაშვილის მეუღლე მიმართვას ავრცელებს
1747770750
„სტატისტიკური მონაცემებით, კალენდარული წლის მე-19 კვირას, გრიპის ხვედრითი წილი ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევებში 23%-ია“, – ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თსუ-ს პროფესორმა, ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარის“ პრესკლუბში განაცხადა.
როგორც ჩხაიძემ აღნიშნა, ამ ეტაპზე, 23% განპირობებულია A ტიპის ვირუსით, რაც არის დაავადებების ის ჯგუფი, რომელიც პირველადი ჯანდაცვის რგოლში იმართება.
„ეს ეხება გრიპისმაგვარ დავადებებს. ეს არის ის ჯგუფი დაავადებებისა, რომლებიც ძირითადად იმართებიან პირველადი ჯანდაცვის რგოლში. 23% საკმაოდ მაღალია. ერთი განსხვავება რაც არის წინა კვირებთან შედარებით, ეს 23% განპირობებულია A ტიპის ვირუსით და B ტიპის ვირუსის დომინანტობა, რაც აღინიშნა იანვრის მეორე ნახევრიდან, მე-19 კვირას B ტიპის ვირუსის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარის“ პრესკლუბში.
მისივე თქმით, ამ დროისთვის, მძიმედ მიმდინარე ინფექციები რესპირაციულ-სინციტიური ვირუსით არის ჩანაცვლებული, რომელიც ძირითადად, 2 წლამდე ასაკის ბავშვებსა და 65 წელს ზევით ადამიანებში ფიქსირდება.
„მძიმე მიმდინარეობის რესპირაციული ინფექციები, რომლებითაც ძირითადად საავადმყოფოებში ხვდებიან, აღარ ფიქსირდება. ეს ძალიან კარგია. ეს იმას ნიშნავს, რომ მძიმედ მიმდინარე გრიპი, რომელსაც სჭირდება ჰოსპიტალიზაცია, საავადმყოფოში დაყოვნება და რომელიც გართულებით მიმდინარეობს, მე-19 კვირას უკვე აღარ ყოფილა და ის ჩანაცვლებულია მთლიანად რესპირაციულ-სინციტიური ვირუსით. ეს ვირუსია ახლა დომინანტური კლინიკებში და ეს არის ვირუსი, რომელიც განაპირობებს 2 წლამდე ასაკის ბავშვებში წვრილი ბრონქიოლების ანთებას. ის მიმდინარეობს შეტევითი ხასიათის ხველით, გახშირებული სუნთქვით, მსტვინავი ხასიათის სუნთქვით, რომელსაც ახლავს ძალიან ხშირად სუნთქვის უკმარისობის მოვლენები, ჟანგბადის მიწოდების აუცილებლობა და ასაკობრივ ჯგუფსაც კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს – ძირითადად 2 წლამდე ასაკში ფიქსირდება. ასეთი ბავშვები საჭიროებენ ჰოსპიტალიზაციას. ამავე ვირუსმა 65 წელს გადაცილებულ ადამიანებში შეიძლება, ფილტვების ანთებაც გამოიწვიოს. აქ აქცენტი კეთდება სასუნთქი სისტემის დაზიანებაზე და არა მაღალი ტემპერატურით მიმდინარე პროცესებზე“, – აღნიშნა ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარის“ პრესკლუბში.