გიორგი ახობაძის საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართა - პროცესზე ორი პოლიციელი გამოიკითხა, რომელთაგან ერთ-ერთმა ახობაძის პირადი ჩხრეკა ჩაატარა

გიორგი ახობაძის საქმე

ექიმ გიორგი ახობაძის საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართა. მას ნარკოდანაშაულს ედავებიან. ბრალი 8-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. პროცესზე გამოიკითხა ორი პოლიციელი, რომელთაგან ერთ-ერთმა დაკავებამდე გაჩხრიკა გიორგი ახობაძე.

თავად ბრალდებული დაკავებას აქციებში მონაწილეობას უკავშირებს. დაცვის მხარე აცხადებს, რომ ამოღებულ პაკეტზე არ იყო გიორგი ახობაძის ბიოლოგიური მასალა.

"დაკითხვის დროს კიდევ ერთხელ დადასტურდა ის ფაქტი, რომ პოლიციელებს ჰქონდათ შესაძლებლობა, მოეპოვებინათ ნეიტრალური მტკიცებულება, მათ შორის, ჰქონდათ მობილური ტელეფონები, რომ ეწარმოებინათ გადაღება ჩხრეკის დროს, მაგრამ ეს ან არ გააკეთეს, ან განზრახული ჰქონდათ წინასწარ, რომ არ გაეკეთებინათ, ვინაიდან გიორგი ახობაძეს არ ჰქონია ნარკოტიკულის საშუალება და არ ინახავდა," - აცხადებს ადვოკატი ლაშა ცუცქირიძე.

საქმის პროკურორის განცხადებით, საქმეზე მტკიცებულებების გამოკვლევა გაგრძელდება და კიდევ დაიკითხებიან პირები, რომლებიც საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობდნენ.

"გიორგი ახობაძეს საქმეზე დაიკითხა პოლიციის ორი თანამშრომელი, რომლებმაც ისაუბრეს მათთვის ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებზე. ერთმა, უშუალოდ ვინც ჩაატარა პირადი ჩხრეკა, სასამართლოს მოახსენა ის გარემოებები, თუ რა ვითარებაში ჩატარდა პირადი ჩხრეკა. საქმეზე გაგრძელდება მტკიცებულებების გამოკვლევა, მათ შორის, დასაკითხნი არიან საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილე სხვა პირები და ამ ჩვენების შედეგად დადგინდება გარკვეული ფაქტობრივი გარემოებები," - აცხადებს პროკურორი შმაგი გობეჯიშვილი.