ბოლო სიტყვა სასამართლოზე! - რა თქვა 25 წლის გოგოს სასტიკი მკვლელობისთვის უვადო პატიმარმა

გალინა ნოზაძე

თემურ ყარალაშვილს, რომელმაც ცოლს ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა, უვადო პატიმრობა მიესაჯა.

„პრაიმტაიმი“ მოკლული გოგოს, ოჯახის უფლებადამცველს, არასამთავრობო ორგანიზაცია „უფლებები საქართველოსთვის“, იურისტს გვანცა ჯოჯუას ესაუბრა.

„ბრალდებულმა ფაქტი აღიარა, მაგრამ ბრალს არ აღიარებდა. ბოდიში მოიხადა და თქვა, რომ არ იცის, როგორ მოუვიდა ეს ყველაფერი. მხოლოდ ორი სიტყვით შემოიფარგლა.

დაცვის მხარის პოზიცია იყო, რომ თემურ ყარალაშვილს მოკვლის განზრახვა არ ჰქონია და რეალურად მისი გადარჩენა სურდა, ამიტომაც ბრალს არ აღიარებდნენ.

სასამართლომ ბრალდებული ყველა დამამძიმებელ გარემოებაში დამნაშავედ ცნო. სამი დამამძიმებელი გარემოება იყო: განსაკუთრებული სისასტიკე, გენდერული შეუწყნარებლობის მოტივი და ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი დანაშაული.

მოსამართლემ გამოიყენა ყველაზე მკაცრი — უვადო სასჯელი.

გარდაცვლილი გოგოს დედას მოლოდინი ჰქონდა, რომ სასამართლო ამ სასჯელის ამ ზომას გამოიყენებდა. მძიმე ემოციური მდგომარეობა აქვს და ახლა კომენტარის გაკეთება არ შეუძლია. ახლა ვფიქრობთ ბავშვებზე, რომელსაც ბებია ზრდის, ისინი იყვნენ ფსიქოლოგთანაც, რადგან დანაშაული ბავშვების თვალწინ მოხდა“, - გვითხრა გვანცა ჯოჯუამ.

გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, რეზო ნადოიმ, გამოაცხადა.

შეგახსენებთ, რომ გალინა ნოზაძე 10 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.