ჟღალი კატების საიდუმლო საბოლოოდ ამოიხსნა - რა იწვევს მათ ასეთ შეფერილობას

ჟღალი კატა

 მეცნიერებმა 100-წლიანი ვარაუდების შემდეგ ჟღალი კატების შეფერილობის მიზეზი საბოლოოდ დაადგინეს. ესაა გენეტიკური მუტაცია, რომლის გამოც ჩვენს ოთხფეხა მეგობრებს ნარინჯისფერი ბეწვი აქვთ.

მკვლევრები პასუხთან ახლოს იყვნენ, რადგან იცოდნენ, რომ საქმე X ქრომოსომაში იყო. ეს იმიტომ, რომ ჟღალი კატების უმეტესობა მამრობითი სქესისაა და ამგვარ ერთ ქრომოსომას ატარებს (მეორე Y-ია). შესაბამისად, თუ მათში კონკრეტული მუტაციის ასლი გვხვდება, სრულად ჟღალი შეფერილობა ეძლევათ.

მდედრ კატებში ორი X ქრომოსომაა, ამიტომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ორივე მათგანში ასეთი მუტაცია იყოს. ამის მიუხედავად, რა თქმა უნდა, მდედრი ნარინჯისფერი კატებიც არსებობენ, მაგრამ მათი რაოდენობა მცირეა. ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ეს მუტაცია მხოლოდ ერთ ქრომოსომაშია, რაც ჭრელი ბეწვის ჩამოყალიბებას იწვევს.

"ჟღალი და შავი ლაქები იმიტომ ყალიბდება, რომ ადრეული განვითარებისას თითოეულ უჯრედში ერთი X ქრომოსომა შემთხვევითობის პრინციპით 'ითიშება'. უჯრედების დაყოფისას ეს კონკრეტულ არეალებში ჟღალი შეფერილობის საფარველზე პასუხისმგებელ გენებს ააქტიურებს, შედეგად კი ჭრელ ბეწვს ვიღებთ", — აცხადებენ მეცნიერები. 

ნარინჯისფერი და სხვა ფერის კატების დნმ სპეციალისტთა ორმა ჯგუფმა შეისწავლა, რათა პირველისთვის დამახასიათებელი მუტაცია გამოევლინა. აღმოჩნდა, რომ ეს ცვლილება ARHGAP36 გენის არაკოდირებულ რეგიონშია. ის ამ გენის მიერ კოდირებულ ცილებზე არ ზემოქმედებს, მაგრამ მის აქტიურობას მაინც ზრდის.

"Arghap36 თაგვების, ადამიანების ან არაჟღალი კატების პიგმენტურ უჯრედებში არაა გამოხატული. როგორც ჩანს, მუტაცია ნარინჯისფერი კატების იმავე უჯრედებში ამ გენის ექსპრესიას იწვევს, როცა, ჩვეულებრივ, ასე არ ხდება", — განმარტავენ ავტორები.

მათ ARHGAP36-ის ფუნქციის შესწავლა მოლეკულურ დონეზე სურთ. ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კატების გენეტიკური გამოკვლევისთვის, არამედ ადამიანებისთვისაც, რადგან იმავე გენს ჩვენც ვატარებთ. ფიქრობენ, რომ ზემოხსენებული მუტაცია პირველად კატების მოშინაურების პროცესის ადრეულ ეტაპზე გაჩნდა, რასაც ძველი ნახატებიც მოწმობს, რომლებშიც მათი ჟღალი ბეწვია წარმოდგენილი. მეცნიერებს ცხოველთა ეგვიპტური მუმიების გამოკვლევაც სურთ და იმედოვნებენ, რომ ამ გზით მეტს გაიგებენ.