„ურთიერთობებში მქონია პრობლემები და არა ცეკვაში“ - რას ჰყვება ელენე დავითაია პროფესიასა და პირადზე

ელენე დავითაია

სპორტულ-სამეჯლისო ცეკვების გამორჩეული მოცეკვავე, ელენე დავითაია, ფართო საზოგადოებამ პროექტიდან „ცეკვავენ ვარსკვლავები“ გაიცნო, მაგრამ პარკეტზე ბავშვობიდან დგას. 24 წლის ასაკში კი უკვე შეუძლია, თქვას, რომ ცხოვრების საქმე ნამდვილად იპოვა და ეს ცეკვაა. დღეში 8 საათს ვარჯიშობს, რომ განვითარება არ შეწყვიტოს და წინ იაროს.

ელენე სცენაზე ცეცხლოვანი, ძლიერი, რომანტიკულია, სცენის მიღმა ძალიან უშუალო, კომუნიკაბელურია. უყვარს მოგზაურობა და სიახლეების გაცნობა. მან „სარკესთან“ თავისი ცხოვრების საინტერესო ეპიზოდებზე ისაუბრა.

- ელენე, რა ასაკიდან შემოვიდა ცეკვა თქვენს ცხოვრებაში?

- 4 წლის ვიყავი, მშობლებმა ფიგურულ სრიალზე რომ შემიყვანეს. დაახლოებით 8 წელი ვიყავი მოციგურავე. საკმაოდ აქტიურად ვიყავი სპორტით დაკავებული, რაც მოიცავდა ყოველდღიურ ვარჯიშსა და სპორტულ შეკრებებს. მერე თავი დავანებე, რადგან თბილისში ფიგურული სრიალისთვის საჭირო პირობები არ იყო, დაიხურა საციგურაო მოედანი.

შემდეგ გართობის მიზნით შევედი ცეკვაზე. მაშინ 12 წლის ვიყავი. ჩემს სკოლაში სამეჯლისო ცეკვების წრე იყო გახსნილი და იქ შევედი. ჩემი პირველი ხელმძღვანელი როსტომ აროშვილი იყო. 11 წელი იყო ჩემი პედაგოგი და მისი დამსახურებაა, დღეს ცეკვა რომ ვიცი. ძალიან ბევრი რამ მასწავლა. ყველაფერი ჩადო არა მხოლოდ ჩემს განვითარებაში, არამედ იმ მეწყვილეებისაც, ვინც მე მყავდა.

- თქვენ გქონიათ შემთხვევა, როცა მეწყვილესთვის ვერ გაგიგიათ და გამოგიცვლიათ?

- კი, რა თქმა უნდა. ურთიერთობებში გვქონია პრობლემები და არა - ცეკვაში.

- ურთიერთობებში კონკრეტულად რას გულისხმობთ?

- მეგობრულ უეთიერთობას. არც ერთ ჩემს მეწყვილესთან პირადი ურთიერთობა არ მქონია. შეიძლება საერთოდ არ გქონდეს პირადი ურთიერთობა, მაგრამ მეწყვილეს როგორც მეგობარს, როგორც ადამიანს, ვერ უგებდე. ასეთი რამ უფრო უცხოელ მეწყვილეებთან მომსვლია. როცა უცხოელ მეწყვილეებთან გაქვს შეხება, პრობლემები უფრო არის. არასდროს მქონია ისე, რომ პირადი ურთიერთობა მქონოდა და თან მასთან ერთად მეცეკვა.