1773081736
მსოფლიოში ყველაზე მდიდარი კატა - თავშესაფრიდან მსოფლიო ბრენდამდე
კატა ნალა, რომელიც ათი წლის წინ ლოს-ანჯელესის თავშესაფარში ცხოვრობდა, დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი „პეტფლუენსერია“. მისი ქონება, სხვადასხვა შეფასებით, 80 მილიონ გირვანქა სტერლინგს აჭარბებს.
ნალა თავშესაფრიდან 2010 წელს წამოიყვანეს, ხოლო მისმა მეპატრონემ სოციალურ ქსელში მისი გვერდი 2012 წელს შექმნა. გვერდი კატის სახელით იმართებოდა, რაც მომხმარებლებისთვის განსაკუთრებით მიმზიდველი აღმოჩნდა.
დღეს ნალას სოციალურ ქსელში 4 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს და მის გვერდზე დაახლოებით 7000 პოსტია გამოქვეყნებული. ცნობილია, რომ ერთი სარეკლამო პოსტი დაახლოებით 12 000 გირვანქა სტერლინგის შემოსავალს მოაქვს.
პოპულარობის პარალელურად ნალა რამდენიმე ბრენდის სახე გახდა, გამოუშვა კატის საკვების საკუთარი ხაზიც და მოხვდა Guinness World Records-ში, როგორც ყველაზე მეტი გამომწერის მქონე კატა სოციალურ ქსელში.
მისი ისტორია მხოლოდ ფინანსურ წარმატებას არ ეხება. ნალას მეპატრონე სოციალური ქსელის მეშვეობით შეხვდა მომავალ პარტნიორს, განავითარა ბიზნესი და აქტიურად ეხმარება ცხოველთა თავშესაფრებს — შემოსავლის ნაწილი ქველმოქმედებას ხმარდება.
მარკეტინგული კვლევების მიხედვით, „პეტფლუენსერების“ ინდუსტრია სწრაფად იზრდება. 2025 წლის მონაცემებით, შინაური ცხოველების პროდუქტების ბრენდები სულ უფრო ხშირად თანამშრომლობენ პოპულარულ ცხოველებთან, რადგან საზოგადოებაში მათ მიმართ ნდობა ხშირად უფრო მაღალია, ვიდრე ადამიან ბლოგერების მიმართ.










