Exclusive: "ერთი გახდით შეიძლებოდა, მთელი ცხოვრება დანგრეოდა" - გიორგი ნაზღაიძე "პრაიმ ჰაუსის" ამბებზე

nazgo

"პრაიმტაიმი" ყველაზე რეიტინგული შოუს - "პრაიმ ჰაუსის" მონაწილეს, გიორგი ნაზღაიძეს "სახლში" მომხდარ და მიმდინარე მოვლენებზე ესაუბრა. 

ამბობს, რომ ანი ყიფშიძესთან ურთიერთობა მისი პრინციპების ღალატი იქნებოდა, მიუხედავად იმისა, რომ "ლავსთორი" რეიტინგის კიდევ უფრო ასაწევად გამოადგებოდა... 

"თეოს გავარდნით პროექტს არაფერი არ დააკლდება. იმ შემთხვევაში თუ "პრაიმჰაუსს" სალი დატოვებდა, მაშინ ყველას მისი კეთილი აურა დაგვაკლდებოდა. რაც შეეხება ანის, მისი გაშვების შემთხვევაში ყველაზე ჰიპერაქტიური, საინტერესო გმირი - მოთამაშე დააკლდებოდა. 

მე რა თქმა უნდა, ანის ვგულშემატკივრობდი, ის ჩემი საუკეთესო მეგობარია.  

 - რატომ არ გააგრძელე ანისთან პირადი ურთიერთობა?

- ჩემსა და ანის შორის დიდი სიმპათიები იყო, ორჯერ ვაკოცეთ ერთმანეთს... ახლა, რაც უნდა ვთქვა, შესაძლოა, ვინმემ თქვას, რომ მე ძველმოდური, ტრადიციული ვარ, მაგრამ მაინც ვიტყვი? ჩემთვის საჯაროდ, ტელეეკრანებზე გახდა მიუღებელია. ბევრმა თქვა, ანი თავიდან შიშველი არ იყო, ან ძელზე არ ცეკვავდაო?! მაშინ, ჩემსა და ანის შორის არაფერი ხდებოდა, ის თავისუფალი ქალია და რაც უნდოდა იმას აკეთებდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მომწონს მსგავსი ქმედებები...

როცა მე ვინმესთან ურთიერთობას ვიწყებ, მინდა, რომ ჩემი თხოვნა გაითვალისწინოს, ანის შემთხვევაში ჩემი თხოვნა იყო, საჯაროდ ასეთ ფორმაში არ ყოფილიყო, თუმცა მან ეს არ გაითვალისწინა... 

- მიუხედავად ამ ყველაფრისა, შეგეძლო ანისთან პირადი ურთიერთობის გაგრძელება...

- კი, შემეძლო პროექტში ჩემთვის სასარგებლოდ ანისთან ურთიერთობა გამომეყენებინა, რადგან ხალხს მოსწონს პროექტები, სადაც წყვილი არის, მოსწონთ დრამა, შერიგება, განშორება, ვნება, მაგრამ როცა ადამიანის მიმართ მაქვს სიმპათია ჩემი რეიტინგის და მოგების გამო მას არასოდეს გამოვიყენებ, რადგან მიმაჩნია, რომ ეს არაკაცური საქციელია. აქედან გამომდინარე, მერჩივნა, საზოგადოების რაღაც ნაწილს ჩემზე ცუდი ეთქვა, ვიდრე ანი ჩემს სასარგებლოდ გამომეყენებინა და პროექტს რაც მოვიგებდი, მერე დავშორებოდით და ამით რა?!

26 წლის გოგოსთვის ზურგში დანა ჩამერტყა მაშინ, როცა მას საკმაოდ მძიმე პირადი ცხოვრების გამოცდილება აქვს?! 

როცა ანიმ გაიხადა, მივედი და ვესაუბრე, რომ სახლში პატარა შვილი ელოდება, რომ მშობლები ჰყავს... ერთ-ერთ გადაცემაში ვიყავით ჩაწერაზე და იქ, ანის დედამ თქვა ის, რასაც მე ვუხსნიდი. ამ ქალბატონმა თქვა, რომ ძალიან ნეგატიურ რაღაცებს ეუბნებიან შვილზე. ეს იყო, რის გამოც მასთან ურთიერთობა არ დავიწყე. 

ერთი გახდით შეიძლებოდა, მთელი ცხოვრება დანგრეოდა, რადგან ხანდახან საზოგადოება ულმობელია. კარგი იქნება თუ გაიგო ეს, თუ ვერ გაიგო, მე ჩემს თავთან, მასთან და მის ოჯახთან მართალი ვარ. ახლა, ჩვენ მეგობრები ვართ და თუ ამ მეგობრობაშიც ჩემთვის ვინმე იქნება მიუღებელი, მეგობრობაც დასრულდება... 

- აღნიშნე, რომ შენთვის ღირებულებები მნიშვნელოვანია. ფინალზე უფრო მნიშვნელოვანი შენივე პრინციპებია?

- 20 წლის წინ, როცა რეალით შოუში ჩემს მეგობართან ერთად ვმონაწილეობდი, მაშინ პროექტი ჩემი მეგობრის სასარგებლოდ დავტოვე და ამას არ ვნანობ. ახლაც იმავეს ვიზამდი. ახლა, ვფიქრობ, რომ არის თამაში და არის ღირებულებები. მე თუ ვინმეს ვეჩხუბე, მქონდა მიზეზი, ყოველ შემთხვევაში არცერთი მათგანი ჩემს სასარგებლოდ არ გამომიყენებია. იმის გამო, რომ ფინალისტი და გამარჯვებული გახდე, არ უნდა გამოიყენო ადამიანი, თუნდაც არა მეგობარი... მაინც მგონია, ამას მაყურებელი სწორად მიხვდება და იგრძნობს... გამარჯვება მინდა მხოლოდ ღირსეულად და არა ქალის სისუსტის ან გრძნობების გამოყენებით.