„ანსამბლის ქორეოგრაფმა მითხრა, შენ არ გაქვს მოცეკვავის ტანი და ასევე ...“ - ნინი გიგაური რთულ პერიოდზე

ნინი გიგაური

ყოფილი „პრაიმ ჰაუსელი“ ნინი გიგაური ჟურნალ თბილისელებთან საუბრობს, რომ ცეკვისთვის თავის დანებებამ მასზე ემოციურად ძალიან იმოქმედა.

- ფსიქოლოგიურად, ალბათ, ძალიან რთული აღმოჩნდა ცეკვასთან დამშვიდობება. რატომ მოხდა ასე?

მე მარტო „სუხიშვილების აკადემიაში“ არ ვცეკვავდი, მანამდე ვიყავი ანსამბლ „რუსთავში“, „ერისიონში“. ძალიან დიდი გამოცდილება მაქვს ანსამბლებში. მხოლოდ ტრავმის გამო არ დამინებებია ცეკვისთვის თავი. ძალიან დიდი დემოტივაცია მქონდა – ძალიან განვიცადე ის, რაც ჩემ მიმართ ანსამბლის ქორეოგრაფმა გააჟღერა, როცა ერთ-ერთ ქალაქში კონცერტის ჩასატარებლად ვემზადებოდით. მითხრა, შენ არ გაქვს მოცეკვავის ტანი, სიმაღლე ხელს არ გიწყობს. ძალიან კარგი მოცეკვავე ხარ, მაგრამ ეს საკმარისი არ არისო. ამის გამო გადავიტანე დიდი სტრესი. ანსამბლიდან წამოვედი და ძალიან ცუდად ვგრძნობდი თავს. დიდი ხნის განმავლობაში ნორმალურად ვერ ვიკვებებოდი, საერთოდ ვერაფერს ვაკეთებდი, სახლში ვიჯექი.

– ამან შენს თვითშეფასებაზე იმოქმედა?

– ჩემს თვითშეფასებაზე ასე მარტივად არაფერი მოქმედებს. თავიდან გამიჭირდა, მაგრამ ეს სირთულე გადავლახე. უკვე მზად ვარ, ცეკვას დავუბრუნდე და დავამტკიცო, რომ ცეკვას მხოლოდ სიმაღლე არ განსაზღვრავს. სამწუხაროდ, ეს ამბავი მუხლის ტრავმას დაემატა და 18-წლიანი ცეკვის შემდეგ, ყველაფერს თავი დავანებე.

– ამდენი წლის შემდეგ რატომ ასეთი შეფასება?

– სამწუხაროდ, ნეპოტიზმი ძალიან ფართოდ არის გავრცელებული. როცა მარტო ხარ და მხოლოდ შენი შრომის ხარჯზე ცდილობ შედეგის მიღწევას, უცებ გამოჩნდება ვიღაც კარგი ნაცნობით და შენს ადგილს დაიკავებს. რადგან მე ნაცნობი არ მყავდა, ჩემს ნაცვლად ის ჩასვეს.