1793735401
ვიქტორ სანიკიძეს, ჩემპიონთა ლიგის (BCL) საშეჯიბრო კომიტეტის ხელმძღვანელის პოსტზე უფლებამოსილების ვადა გაუხანგრძლივეს
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტს, ვიქტორ სანიკიძეს, ჩემპიონთა ლიგის (BCL) საშეჯიბრო კომიტეტის ხელმძღვანელის პოსტზე უფლებამოსილების ვადა გაუხანგრძლივეს. ინფორმაციას კალათბურთის ფედერაცია ავრცელებს.
ფედერაციის ცნობით, შესაბამისი ოფიციალური წერილი ჩემპიონთა ლიგის სათავო ოფისიდან ფედერაციაში დღეს შემოვიდა. დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, მარკუს შტუდერმა და გენერალურმა დირექტორმა, პატრიკ კომნინოსმა, ვიქტორ სანიკიძეს ნდობის გაგრძელება ოფიციალურად აცნობეს, საპასუხისმგებლო თანამდებობაზე ხელახლა დამტკიცება მიულოცეს და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვეს.
„ვიქტორ სანიკიძე ჩემპიონთა ლიგის საშეჯიბრო კომიტეტის თავმჯდომარედ პირველად გასული წლის ოქტომბერში დაინიშნა. გასული 1 წლის განმავლობაში გაწეული წარმატებული საქმიანობისა და ნაყოფიერი მუშაობის შედეგად, FIBA-სა და BCL-ის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, ვიქტორ სანიკიძეს აღნიშნულ საპასუხისმგებლო პოზიციაზე უფლებამოსილების ვადა კიდევ გაუხანგრძლივოს.
ჩემპიონთა ლიგა FIBA-ს მთავარი საკლუბო ტურნირია, რომლის ჯგუფურ ეტაპზეც 32 გუნდი მონაწილეობს. ტურნირის პოპულარობა და მონაწილე გუნდების დონე ყოველწლიურად იზრდება.
საშეჯიბრო კომიტეტი BCL-ის სტრუქტურაში ერთ-ერთ საკვანძო როლს ასრულებს — ის უზრუნველყოფს ტურნირის ფორმატის, მონაწილეთა სიის, კალენდრის შემუშავებასა და სტრატეგიული რეკომენდაციების მომზადებას დირექტორთა საბჭოსთვის.
წლებია, ვიქტორ სანიკიძე ასევე გახლავთ FIBA-ევროპის საშეჯიბრო კომიტეტის წევრი, რომლის ძირითადი ფუნქციაც ასაკობრივი სანაკრებო ჩემპიონატების ორგანიზება და მართვაა.
FIBA-ს მთავარი საკლუბო ტურნირის წამყვანი კომიტეტის ხელმძღვანელის პოსტზე უფლებამოსილების გაგრძელება ვიქტორ სანიკიძის საერთაშორისო ავტორიტეტის, გაწეული შრომისა და მისდამი არსებული მაღალი ნდობის კიდევ ერთი დადასტურებაა“, -ნათქვამია ინფორმაციაში.











