თბილისში ფარიკაობის მსოფლიოს ჩემპიონატი დასრულდა

ფარიკაობა

საქართველომ ფარიკაობის მსოფლიოს ჩემპიონატს ისტორიაში პირველად უმასპინძლა. მსოფლიოს პირველობის ბოლო დღეს „თბილისი არენაზე“ ტურნირის ოფიციალური დახურვის ცერემონია გაიმართა. ცერემონიაზე საერთაშორისო ფარიკაობის ფედერაციის დროშა 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძელ ქალაქ ჰონგ-კონგს, ჩინეთს გადაეცა.

საქართველოში გამართულმა მსოფლიოს ჩემპიონატმა საერთაშორისო ფარიკაობის ფედერაციისა და დელეგაციებისგან უმაღლესი შეფასება დაიმსახურა. ტურნირში 120 ქვეყნის 1205 ქალი და მამაკაცი მოფარიკავე მონაწილეობდა. ჩემპიონატი დაშნაში, რაპირასა და ხმალში მიმდინარეობდა; ასპარეზობები როგორც ინდივიდუალურ, ისე გუნდურ შეჯიბრებებს მოიცავდა.

თბილისში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა ხმლით მოფარიკავე სანდრო ბაზაძემ. ფინალში მან ფრანგი ჟან-ფილიპ პატრისი ანგარიშით 15:9 დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონობა კარიერაში პირველად იზეიმა. ის პირველი ქართველი ხმლით მოფარიკავეა, რომელმაც ინდივიდუალურ ასპარეზობაში მსოფლიოს ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა.

მსოფლიოს ჩემპიონატი საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.

„ეს იყო ძალიან კარგი ჩემპიონატი, მადლობა მსურს გადავუხადო საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის საორგანიზაციო კომიტეტს, სპორტის მინისტრს. დიდებული შეჯიბრება გამოვიდა, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერ მინისტრი, რაც საერთაშორისო ფარიკაობის ფედერაციისთვის უმნიშვნელოვანესია. ძალიან წარმატებული შეჯიბრება იყო ყველა კუთხით, მაგალითად სანდრო ბაზაძემ ოქროს მედალი მოიპოვა, რაც ფარიკაობას უფრო მეტად პოპულარულს გახდის საქართველოში“, - აღნიშნა ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა აბდელმონემ ელ-ჰუსეინმა.