სპორტის მინისტრი მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართველი ძიუდოისტების ასპარეზობას დაესწრო

ქართველი ძიუდოისტები

საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე უნგრეთში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატზე იმყოფებოდა. მინისტრი ქართველი ძიუდოისტების ასპარეზობას დაესწრო. მსოფლიოს პირველობის მეხუთე დღეს -90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ლუკა მაისურაძემ და ლაშა ბექაურმა იასპარეზეს.

ლუკა მაისურაძე მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში მან იტალიელი კენი კომი ბედელი დაამარცხა, ლაშა ბექაური კი ტურნირს მესამე წრიდან გამოეთიშა. 18 ივნისს საქართველოს ღირსებას ილია სულამანიძე დაიცავს (-100 კგ).

ასპარეზობის ამ ეტაპზე საქართველოს ანგარიშზე სამი მედალია. ეთერ ლიპარტელიანმა (-57 კგ) ფინალში იაპონელი მომო ტამაოკი დაამარცხა და პირველი ქართველი ძიუდოისტი ქალი გახდა, რომელმაც სენიორებს შორის ოქროს მედალი მოიპოვა, ტატო გრიგალაშვილი (-81 კგ) კი ვერცხლის მედალს დასჯერდა.

ქართველი ძიუდოისტები მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.

ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.