მუნდიალი 2026 - პატარა ქვეყნები დიდი ოცნებით

მუნდიალი 2026

სპორტი, რომელიც გამარჯვების სიხარულს საერთო დღესასწაულად აქცევს. სპორტი, რომელიც მილიონობით ადამიანს ერთი ოცნების გარშემო აერთიანებს - ეს ფეხბურთია!

მწვანე მინდორზე დაწერილი ისტორია, ოცნების დევნა 90 წუთის განმავლობაში, ხან გამარჯვების გზა, ხან კი მარცხით განცდილი სევდა. აქ ერთი წამიც საკმარისია, რომ უცნობი სპორტსმენი ლეგენდად იქცეს. ერთი შეხებაც კი საკმარისია, რომ მთელი სტადიონი საერთო ტალღამ მოიცვას და ყველას გული ერთ რიტმში აძგერდეს.

სწორედ ასეთი დღესასწაული დაიწყო. ის, რასაც ყველა გულშემატკივარი 4 წელში ერთხელ ყველაზე დიდი სიხარულით ელის - მსოფლიო ჩემპიონატი 2026. მიმდინარე მუნდიალმა, კი ყველაზე უკეთ დაგვანახა, რომ პატარა ქვეყნებისთვის მსოფლიო ჩემპიონატი არა მხოლოდ ტურნირი, არამედ ისტორიის დაწერის შანსია.

ახალი საფეხბურთო წესები და რუკა

თუკი "რუსთავი 2"-ზე საფეხბურთო დღესასწაულს თვალს ადევნებთ, შეამჩნევდით, რომ წლევანდელი ჩემპიონატი განსხვავებული წესებით ტარდება. მუნდიალმა მოედნის კარი ფართოდ გახსნა, რაც იმას ნიშნავს, რომ 2026 წელს ოცნების ახდენის მეტი შანსიც გაჩნდა.

სპორტულ ენაზე რომ ვთქვათ: მაშინ, როცა ათწლეულების განმავლობაში, მსოფლიო ჩემპიონატზე, პირველობისთვის მხოლოდ 32 ნაკრები იბრძოდა, ახლა 48 ქვეყანა მონაწილეობს, რაც ტურნირის ისტორიაში პირველად ხდება.

გაიზარდა მატჩების რაოდენობაც. პირველად ხდება ისიც, რომ მსოფლიო ჩემპიონატს სამი ქვეყანა მასპინძლობს - ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა და მექსიკა. რადგან მატჩები მაღალი ტემპერატურისა და ტენიანობის ფონზე ტარდება, ალბათ ეგრეთ წოდებული წყლის შესვენებებიც თვალში მოგხვდებოდათ, საფეხბურთო სანახაობა რომ ოდნავ კალათბურთს დაამსგავსა.

"cooling breaks" - ბოლო წლებში აქტიურად გამოიყენება. წელს კი გულშემატკივრებში განსაკუთრებული ვნებათაღელვაც გამოიწვია, რასაც მწვრთნელებზე ვერ ვიტყვით. რადგან ამ მცირე დროს, მენტორები საკუთარი ფეხბურთელებისთვის ახალი დავალებების მისაცემად და ტაქტიკის გადასამეორებლად მშვენივრად იყენებენ.

თემა სადაოა, თუმცა ალბათ მაინც, არავინ დაობს იმაზე, რომ ფეხბურთელი ჯერ ადამიანია და შემდეგ სპორტსმენი.

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის ე.წ. წყლის შესვენება განსაკუთრებით აქტუალურია, ტემპერატურიდან გამომდინარე. წესის მიხედვით, მსაჯს შეუძლია თითო ტაიმში დანიშნოს მოკლე შესვენება, 1-3 წუთიანი, იმისთვის, რომ ფეხბურთელებმა წყალი დალიონ და გადაიტვირთონ. წყალი დასჭირდათ მათაც, ვისთვისაც ჩემპიონატის მასშტაბმაც დიდი გაოცება გამოიწვია.

2026 წლის მუნდიალი წინა ტურნირებისგან მხოლოდ მონაწილეთა რაოდენობით არ განსხვავდება. მან ფეხბურთის გეოგრაფია შეცვალა და მსოფლიოს უდიდესი ტიტული ხელმისაწვდომი იმ ქვეყნებისთვისაც გახადა, რომლებიც წარსულში ამ ოცნებას შორიდან უყურებდნენ. საფეხბურთო რუკაზე გამოჩდნენ ისეთი ქვეყნები, რომელთა სახელები მუნდიალთან თითქმის არასდროს ასოცირდებოდა. და სწორედ აქ იწყება ყველაზე საინტერესო ამბებიც... სრულად