1784020802
მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დაპირისპირება ერთ საათში დაიწყება
ფინალი ფინალამდე - მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დაპირისპირება სულ რაღაც ერთ საათში დაიწყება. ტეხასის შტატში, დალასის სტადიონზე, პირველ ნახევარფინალში ერთმანეთს საფრანგეთისა და ესპანეთის ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდებიან. მატჩი კილიან მბაპესა და ლამინ იამალის - შემდგარი ლეგენდისა და ფეხბურთის ახალი საოცრების, ტახტის მემკვიდრის ისტორიულ დუელად ფასდება. სწორედ დღეს გაირკვევა, თუ ვინ მოიპოვებს ფინალის საგზურს პლანეტის ორი უძლიერესი საფეხბურთო იმპერიიდან.
აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში (1930 წლიდან დღემდე) ჩემპიონის ტიტული სულ 8 ქვეყანას აქვს მოპოვებული, საიდანაც ესპანეთი ერთგზის, საფრანგეთი კი ორგზის ჩემპიონია. მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე ტურნირზე ესპანეთმა უძლიერესი დაცვა აჩვენა და ნახევარფინალამდე მხოლოდ ერთი გოლი გაუშვა, სუპერკომპიუტერები, ანალიტიკოსები და ბუკმეკერები უპირატესობას მაინც საფრანგეთს ანიჭებენ. ამასთან, დიდიე დეშამის გუნდს 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში განცდილი მარცხის გამო, ესპანეთთან რევანშიც აქვს ასაღები.
შეხვედრა დალასის დახურულ, 70 000-იან არენაზე გაიმართება, სადაც კლიმატ-კონტროლი ფეხბურთელებისთვის იდეალურ ტემპერატურას (+24 გრადუსს) უზრუნველყოფს. ორივე გუნდმა სტადიონზე უკვე ივარჯიშა. ვარაუდობენ, რომ ტელეეკრანებთან დაპირისპირებას ნახევარ მილიარდამდე მაყურებელი მიადევნებს თვალს.
მატჩის პირდაპირი ტრანსლაცია "რუსთავი 2-ის" ეთერში 22:45 საათზე დაიწყება.










