მესის მაგია! - მუნდიალზე „ტანგოს საღამოებს“ არგენტინელი აგრძელებს

მესის მაგია

79 დაუჯერებელი და უმძიმესი წუთი არგენტილებისთვის და 79 ბედნიერი წუთი ეგვიპტელებისთვის - ეს იყო დრო, რომელიც არასდროს დაავიწყდება მსოფლიო ჩემპიონატის მაყურებელს.

მიუხედავად 79-ე წუთზე გატანილი გოლისა, გულშემატკივარი მესისთვის დასამშვიდობებლად ფსიქოლოგიურად მზად იყო, მაგრამ ერთი რამ ვერ გავითვალისწინეთ - მესი ხომ არასდროს იცი, რას ჩაიდენს!!!

არგენტინამ ეგვიპტესთან ფაქტობრივად წაგებული მატჩი 10 წუთში თავდაყირა დააყენა... 

და ქანბექი შედგა! 3:2 არგენტინა-ეგვიპტე 

ვისაც ერთხელ მაინც უნახავს მოედანზე ფეხბურთის თამაში, ერთხელ მაინც უგრძნია, როგორ ახრჩობს ყელში გაჩხერილი ცრემლი წაგებული მატჩის გამო... ყველა მიხვდება ორივე ნაკრების გულშემატკივრების ემოციას.

მუნდიალზე „ტანგოს საღამოებს“ არგენტინელი აგრძელებს. მესიმ გვაჩუქა ულამაზესი ფრაგმენტები, რომლებსაც ხშირად გავაცოცხლებთ გონებაში... გვაჩუქა შოუ, რომელსაც ვერსად ნახავთ. მესი არის ერთადერთი ფეხბურთელი რომელმაც ორი პენალტი გააფუჭა ერთ მუნდიალზე. მაგრამ არგენტინელი რის არგენტინელია თუ ტანგო ისე არ გააგრძელა, თითქოს არ შეშლია, არაფერი მომხდარა... დაგვანახა გენიოსის სრულყოფილება და ხუმრობით ვიტყვით „ერთი კაცი მიათრევდა მთელ გუნდს“.

კაცმა, რომელმაც ფეხბურთი ხელოვნებად აქცია, 39 წლის ასაკშიც დაამტკიცა ფეხბურთის ყველაზე სრულყოფილი სასწაულია...

ხოლო ბებიის მიერ ერთხელ გაკეთებული არჩევანი, ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მსოფლიო ფეხბურთისთვის.

მესი იხსენებდა:

„ბებია გამუდმებით ეუბნებოდა მწვრთნელს: „ათამაშეთ, ათამაშეთ“. ბოლოს დამთანხმდა. იმ მატჩში ორი გოლი გავიტანე. სწორედ იქ დაიწყო ყველაფერი.“

ბებია 1998 წელს გარდაიცვალა, როცა ლეო მხოლოდ 11 წლის იყო.

მას შემდეგ ყოველი გოლის შემდეგ ცისკენ იყურება და თითებს მაღლა სწევს - ამბობს, რომ გოლებს ბებიას უძღვნის.

ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა:

„ყველა გოლს ბებიას ვუძღვნი. მან მიმიყვანა ფეხბურთში, მაგრამ ვერ მოესწრო იმის ნახვას, სადამდე მივედი. მიუხედავად ამისა, მგონია, რომ დღემდე მეხმარება.“

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში, პენალტების სერიამდე კამერებმა დააფიქსირეს, რომ მესიმ ცას ახედა და რაღაც ჩაილაპარაკა.

მოგვიანებით გავრცელებული კადრების მიხედვით, მან თქვა:

„Puede ser hoy, abu.“
„შეიძლება დღეს იყოს, ბებო.“ - რამდენიმე წუთში არგენტინა მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

- მესიმ ტურნირზე გატანილი 8 გოლით ბომბარდირია.

- მესი 21 გოლით მუნდიალების ბომბარდირი და 9 საგოლე პასით საუკეთესო ასისტენტია.

- მესი პირველი ფეხბურთელია, რომელმაც მსოფლიოს 1 ჩემპიონატზე 2 თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა. მას მუნდიალებზე 8-დან 4 პენალტი გაიტანა.

- მესიმ მსოფლიო ჩემპიონატებზე 31-ე მატჩი ჩაატარა და რეკორდი გააუმჯობესა. 

გული მწყდება რონალდუს გამო, ვერ წარმომედგინა, როგორ შეიძლებოდა მომხდარიყო, რომ ოცნება, რომელიც ალბათ ბურთზე ფეხის შეხებისას გაუჩნდა, აუსრულებელი დარჩებოდა.

სულ წარმოვიდგენდი, როგორ გააკეთებდა თავის საფირმო ნახტომს ჩემპიონის თასით ხელში...მერე იქნებოდა ათასობით სტატია დედაზე, სადაც იტყოდა, რომ ეს იყო მისი მთავარი საჩუქარი ქალისთვის, რომელმაც ღარიბი ბიჭი მადეირას პატარა ქუჩებიდან მსოფლიოს შეაყვარა.

დოლორეს ავეირუმ საკუთარ ავტობიოგრაფიაში დაწერა, რომ მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო ორსულობის შეწყვეტაზეც კი ფიქრობდა, თუმცა ეს არ მოხდა. მოგვიანებით ამბობდა:

„საბედნიეროდ, ეს არ მოხდა. კრიშტიანუ ჩემი ცხოვრების ვარსკვლავი გახდა.“

როდესაც 12 წლის რონალდუ მადეირიდან ლისაბონში, სპორტინგის აკადემიაში გადასვლას აპირებდა, დედას მისი გაშვება უჭირდა. ფეხბურთელის თქმით, მაშინ უთხრა: „დედა, ფრთები არ მომჭრა.“

რონალდუმ, არა მხოლოდ ფეხბურთის ნიჭით, არამედ მისი პიროვნული, ძალიან ბევრი დადებითი საქმით დაამახსოვრა თავი მსოფლიოს, გულშემატკივრებს და კრიტიკოსებს.

კრიშტიანო რონალდუმ შექმნა მომენტები, რომლის არდანახვა, რომლის არშემჩნევა დანაშაულია და ეს მისმა „ჰეითრებმაც“ აღიარეს და ძალიან ბევრმა აღნიშნა კიდეც, რომ მას უნდა მიეღო კარიერის მთავრი ჯილდო, მაგრამ ზოგჯერ ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ჩვენ გვინდა...

გუშინ ვნახეთ რონალდუს ცრემლები... სევდის, გულდაწყვეტის, აუხდენელი ოცნების...

დღეს ვნახეთ გამარჯვებული მესის ცრემლები... რაც იშვიათია...

ნანა ჩხაიძე