„კვარა თბილისშია, შესვენებას სახლში ატარებს...“ - რას წერს იტალიური გამოცემა კვარაცხელიას გამოჯანმრთელებაზე

ხვიჩა კვარაცხელია

იტალიური გამოცემა ხვიჩა კვარაცხელიას გამოჯანმრთელების პროცესის შესახებ წერს. როგორც სტატიაში ვკითხულობთ, ფეხბურთელი დიდი ალბათობით, ნეაპოლელებს შეკრების განახლებისას დაუბრუნდება.

„კვარა თბილისშია, შესვენებას სახლში ატარებს და ასევე აგრძელებს ექიმი ლუმბაგოს პროგრამით რეაბილიტაციას. მაგრამ მზად იქნება მომავალი ორშაბათისთვის, როდესაც „ნაპოლი“ ვარჯიშს განაახლებს.

სახლში მას დიდი ენთუზიაზმით ხვდებიან. ის ქუჩაში შეხვდა ბავშვებს, რომლებსაც ავტოგრაფები დაურიგა მაისურებსა და ბურთებზე – ასეთია კვარაცხელია, „ნაპოლის“ სახე, რომელსაც მსოფლიო დიდი ყურადღებით აკვირდება“, – წერს გამოცემა.

ხვიჩა კვარაცხელია 17 მატჩში 8 გოლი გაიტანა, 8 საგოლე გადაცემა გააკეთა და 3 პენალტი მოიპოვა.

21 წლის ქართველი შემტევი აგვისტოში იტალიის ჩემპიონატის თვის საუკეთესო მოთამაშედ სერია A-ს ოფიციალურმა გვერდმა და იტალიის პროფესიონალ მოთამაშეთა გაერთიანებამ აღიარა, ჩემპიონთა ლიგაზე კი სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს.