„ხელები შორს კვარაცხელიასგან!“ - Spazio Napoli ხვიჩას იცავს

ხვიჩა კვარაცხელია

სერია A-ს 32-ე ტურში "ნაპოლი" "სალერნიტანასთან" ფრეს (1:1) დასჯერდა და საჩემპიონო ზეიმი გადაედო. ზოგიერთმა გულშემატკივარმა ნეაპოლელთა ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია გააკრიტიკა. ქართველს ჟურნალისტი ჯუზეპე ესპოზიტო გამოექომაგა, რომელმაც Spazio Napoli-ში წერილი გამოაქვეყნა.

 

"სალერნიტანასთან" მწარე საშინაო ფრის შემდეგ, მეორე ტაიმში გამოუყენებელი ორი ხელსაყრელი მომენტის გამო ბევრმა თითი ქართველი მარცხენა გარემარბისკენ გაიშვირა.

ალბათ, ეს ის "კვარა" არაა, რომელიც სეზონის დასაწყისში ყველა გუნდს არაორდინარული ბრწყინვალებითა და არანორმალური სწრაფი მოძრაობებით უტევდა. ამ ეტაპზე მისი რეალიზაციის პროცენტიც დაქვეითდა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ კრიტიკას 
იმსახურებს.

ეს სწორედ ის ხვიჩაა, რომელმაც "ატალანტას" მთელი დაცვა მოატყუა და ბურთი ცხრიანში გაგზავნა - გოლი, რომელიც დიდხანს გვემახსოვრება. ეს სწორედ ის ფეხბურთელია, რომელიც "მარადონაზე" უცნობი მოვიდა და "მონცასთან" დუბლით თავი, როგორც ნამდვილმა ჩემპიონმა, წარმოაჩინა. ის იგივეა, ვინც ცივ გერმანულ საღამოს ჩემპიონთა ლიგაზე კაპიტან დი ლორენცოს ქუსლით საოცნებო საგოლე გადაცემა გაუკეთა.

სეზონის დასაწყისში არავინ ელოდა ასეთ სტარტს მოთამაშისგან, რომელიც გასულ წელს საქართველოს ჩემპიონატში ასპარეზობდა: სერია A-ში თავის პირველ წელს 12 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა გააკეთა. ციფრები თავისთავად ყველაფერზე მეტყველებს. მან გულშემატკივრები კოსმიურ დონეს მიაჩვია და ახლა, როდესაც დამქანცავი სეზონის დასასრულს ბუნებრივი ფიზიკური ჩავარდნა აქვს, კრიზისზე ლაპარაკი მართებული არ არის.

ის ამ "ნაპოლის" ერთ-ერთი გმირია, რომელიც ქალაქს 33-წლიანი მოლოდინის შემდეგ ბოლოს და ბოლოს უდიდეს სიხარულს მოუტანს და რაც უნდა მოხდეს, კვარაცხელია სამართლიანად შევა ამ გუნდის ისტორიაში".

სხვა სიახლეები