19 აგვისტოს შუქი გაითიშება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1787077868
კრიშტიანუ რონალდუმ და ჯორჯინა როდრიგესმა 11 აგვისტოს, მათი ურთიერთობის დაწყებიდან ზუსტად 10 წლის შემდეგ, პორტუგალიაში, ვიწრო წრეში იქორწინეს. ცერემონიას მხოლოდ წყვილის შვილები ესწრებოდნენ.
ქორწილის დეტალები და ფოტოები ჟურნალმა Vogue-მა გაავრცელა. გამოცემასთან ინტერვიუში ჯორჯინამ განმარტა, რატომ გადაწყვიტეს მნიშვნელოვანი დღის სახლში, ოჯახის გარემოცვაში აღნიშვნა.
„გადავწყვიტეთ, ეს ჩვენი სახლის მისაღებ ოთახში გაგვეკეთებინა, სადაც საუზმეს, სადილსა და ვახშამს მივირთმევთ. სადაც ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება მიედინება. მინდა, 30 წლის შემდეგ ბავშვებს გაახსენდეთ, რომ ამ მაგიდასთან რაღაც მშვენიერი მოხდა. მათი მშობლების საქორწინო აღთქმა დაიდო“,- განაცხადა ჯორჯინამ.
წყვილს განსაკუთრებული დღისთვის GUCCI-ს სამოსი ეცვა, რომლის შემოქმედებით დირექტორად ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია მუშაობს.
დემნამ Vogue-თან ინტერვიუში რონალდუსა და ჯორჯინას საქორწილო სამოსში გამოწყობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს მისთვის განსაკუთრებით ემოციური მომენტი იყო.
„ჩემთვის ძალიან ემოციური იყო ამ განსაკუთრებული მომენტისთვის ჯორჯინასა და კრიშტიანუს შემოსვა, რადგან ვიცი, რომ მათი სიყვარულის ისტორია მადრიდის GUCCI-ს მაღაზიაში დაიწყო. ამაში რაღაც ძალიან რომანტიკულია, ლამაზი წრე იკვრება. ეს თითქმის თანამედროვე ზღაპარს ჰგავს“,- განაცხადა დემნა გვასალიამ.
საინტერესოა, რომ სწორედ მადრიდის GUCCI-ს მაღაზიას უკავშირდება წყვილის სიყვარულის ისტორიის დასაწყისი. ამიტომ დემნასთვის მათი ქორწილისთვის სამოსის შექმნა, როგორც თავად ამბობს, ამ ისტორიის ერთგვარი სიმბოლური გაგრძელება აღმოჩნდა.
რონალდუსა და ჯორჯინას ქორწილის ფოტოები და სრული ინტერვიუ ჟურნალ Vogue-ში გამოქვეყნდა.

