დემნა გვასალიას გზა ომის ქარტეხილებიდან მსოფლიოს დიდ პოდიუმამდე – მეამბოხე ქართველის წარმატების ისტორია

დემნა

შავი, უსახო სამოსი, ჩაკეცილი ფეხსაცმელი, კროქსები, ორიგინალური ჩანთები და ქართველი დიზაინერის არაორდინარული სტილით კიდევ ერთხელ ალაპარაკებული მსოფლიო, – ეს მეამბოხე დემნა გვასალიაა, რომელმაც ბოლო ათწლეულის განმავლობაში მოდის ინდუსტრიაში ნამდვილი რევოლუცია მოაწყო.

Vetements-ის შემქმნელისა და Balenciaga-ს კრეატიული დირექტორის ისტორია სოხუმიდან იწყება. მოდის ინდუსტრიის მომავალი ვარსკვლავის ახალგაზრდობის წლებმა აფხაზეთის ომის დროს გაიარა.

დემნა საქართველოში 17 წლის განმავლობაში ცხოვრობდა. ის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე სწავლობდა და მცირე ხნით „საქართველოს ტელევიზიაში“ ჟურნალისტადაც მუშაობდა. 

რუსეთის მიერ აფხაზეთის ოკუპაციის შემდეგ კი დემნას ოჯახი საცხოვრებლად გერმანიაში გადავიდა.

„ჩემი ოჯახი ყოფილი საბჭოთა საქართველოდან დიუსელდორფში საცხოვრებლად 2000 წელს გადავიდა, სადაც წელიწად-ნახევრის განმავლობაში დავრჩი. ჩემს მშობლებს არ სჯეროდათ, რომ დიზაინერობა რეალური პროფესია შეიძლებოდა  ყოფილიყო, მაგრამ მე მაინც გადავწყვიტე, ის გამეკეთებინა, რაც რეალურად მინდოდა.სწორედ ამიტომ 2002 წელს Royal Academ of Fine Arts-ში, ანტვერპენში დავიწყე სწავლა“,- აცხადებს დემნა გვასალია.

2009 წელს დემნამ „მეისონ მარჯიელას“ გუნდთან დაიწყო მუშაობა- მოდის სფეროში მისი ოფიციალური კარიერაც სწორედ აქედან იწყება. ხელმძღვანელობდა H&M & Margiela -ს გახმაურებულ კოლაბორაციას, მუშაობდა Louis Vuitton-ის გუნდთან.

საბოლოოდ 2014 წლიდან საკუთარ საქმეს მოჰკიდა ხელი, Balenciaga-ს კრეატიული დირექტორი გახდა და Vetements-ის ცნობილი ბრენდი შექმნა, რომელიც მსოფლიო მოდამ გამოსვლისთანავე აიტაცა.

2016 წელს გამოცემამ სახელწოდებით Business of Fashion ქართველი დიზაინერი „წლის პერსონად“ აღიარა, ჟურნალმა Fantastic Man-მა გარეკანი დაუთმო, Fashion Awards-ის ჟიურიმ მზა ტანსაცმლის საერთაშორისო დიზაინერის ჯილდო გადასცა. Vetements -ი კი 2016 წლის საერთაშორისო ლუქს-კლასის ბრენდი გახდა.

2017 წელს ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია ყველაზე პრესტიჟული ჯილდოს „მოდის ოსკარად“ წოდებული CFDA-ს გამარჯვებული გახდა.

დემნა გვასალია ის იშვიათი დიზაინერია, რომელმაც საერთაშორისო მოდის ინდუსტრიაში საქართველოს ადგილი საკმაოდ თამამად მონიშნა. ქართული ლექსებისა და ციტატების წარწერები მაისურებზე,  საბჭოთა კავშირისდროინდელი ჩაცმის სტილი, – სხვადასხვა ხერხის გამოყენებით გვასალიამ საქართველო მთელს მსოფლიოს გააცნო.

„მე საქართველოში გავიზარდე და იქ ვცხოვრობდი 20 წლამდე. ასე რომ, საქართველო ჩემი ჩამოყალიბების დიდი ნაწილი იყო. ამან დიდი გავლენა იქონია ჩემზე, როგორც დიზაინერზე. შესაბამისად, ცხადია, ყველა კოლექციაში საქართველოცაა. ეს ჩემი თავის წარდგენაა, როგორც ქართველის, რადგან ყოველთვის მიჭირდა ამეხსნა, საიდან ვარ. ან საერთოდ არ იცოდნენ, რაზე ვლაპარაკობდი, ან ამერიკელი ვეგონე. ესაა ჩემი განაცხადი, რომ მე ამ ქვეყნიდან ვარ, ეს ჩემი წარსულია, ეს ასე მოხდა… ეს არ ყოფილა ყვავილებიანი და პეპლებიანი ბავშვობა, ბედნიერი ბავშვობა… ეს იყო ომი და ნამდვილად ძალიან, ძალიან მძიმე დროება. დღეს კი, პირველად ჩემს ცხოვრებასა და კარიერაში, ამაზე ლაპარაკი შემიძლია – არა მხოლოდ გარშემომყოფებთან, არამედ ყველასთან“,- ამბობს დემნა.

კიდევ ერთი რაც ქართველ დიზაინერს სხვებისგან გამოარჩევს, ტრადიციულ ჩარჩოებში მოქცეულ მოდის კვირეულზე უარის თქმაა. მისი მოდელები მხოლოდ  Haute Couture-ის დროს გამოდიან.

სოციალურ ქსელებში დაანონსებულო საიდუმლო მაღაზიები, რეალურ ისტორიებზე შექმნილი სამოსები, პოდიუმზე გამოყვანილი ჩვეულებრივი ადამიანები, – დემნა ხმამაღლა აცხადებს, რომ ეს გიჟური იდეები დიდი ხანია მის გონებაშია, მათ განსახორციელებლად კი შესაფერის დროს მოთმინებით ელის.