„ვინ გაიმეტა ასე ჩვენი პატარა ანგელოზი?!“ - უმძიმესი ტრაგედია დიდ დიღომში

შემთხვევის ადგილი

დიდ დიღომში, პეტრიწის ქუჩაზე 12 წლის მოზარდი გარდაცვლილი იპოვეს. გოგონას ოჯახი, პოლიცია და ადგილობრივები საღამოს 23:00 საათიდან ეძებდნენ.

რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ მოზარდი მეთორმეტე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტოფარეხის უკან უგონო მდგომარეობაში იპოვეს.

ექიმები რამდენიმე საათის მანძილზე ცდილობდნენ გოგონასთვის გულის ამუშავებას, მაგრამ სამწუხაროდ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

თვითმხილველების თქმით, გარდაცვლილ მოზარდს წელის არეში აქვს დაზიანებები. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო ბრიგადები, სამართალდამცველები. 

შემთხვევის ადგილზე მთელი ღამის მანძილზე მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები. გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

„ვინ გაიმეტა ასე ჩვენი პატარა ანგელოზი?! რა გინდოდა ღმერთო, ამ პატარა გოგოს, ეს რომ დამართე?! შოკში ვართ. რა უნდა ვთქვათ. როგორ ვერავინ ვერ გავიგეთ ხმა, როგორ ვერავინ ვერ შევნიშნეთ“... ეს ტრაგედია როგორ უნდა გადავიტანოთ. რა უნდა ვუთხრათ მის მშობლებს და დას?!“,- ამბობენ ადგილობრივები.

ოფიციალურ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო გაავრცელებს.