მიჩიგანში, მორმონთა ეკლესიაში სროლისა და ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ოთხამდე გაიზარდა, დაშავდა რვა ადამიანი

მიჩიგანი

მიჩიგანის შტატში, ქალაქ გრანდ-ბლანკში მდებარე მორმონთა ეკლესიაში სროლისა და ხანძრის შედეგად, სულ მცირე, ოთხი ადამიანი დაიღუპა, რვა კი დაშავდა, – ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, თავდამსხმელი ეკლესიაში წირვის დროს შევარდა, სროლა დაიწყო და ხანძარი გააჩინა. თავდამსხმელი 40 წლის თომას ჯეიკობ სანფორდია, რომელიც პოლიციის მხრიდან გასროლილი საპასუხო ტყვიის მსხვერპლი გახდა.

სამართალდამცველების თქმით, საზოგადოებისთვის საფრთხე აღარ არსებობს. თუმცა, ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, დამწვარ შენობაში გარდაცვლილი კიდევ იპოვონ. ჯერ კიდევ უცნობია თავდასხმის მოტივი.

სამართალდამცველები მამაკაცის საკუთრებას ჩხრეკენ და მობილური ტელეფონის ჩანაწერებს ამოწმებენ. მედიის ინფორმაციით, თავდამსხმელმა ეკლესიას ცეცხლი განზრახ წაუკიდა. აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო მომხდარს, როგორც „მიზანმიმართული ძალადობის აქტს“ იძიებს.