ფიზიკური დაპირისპირება სკოლის დირექტორის ოჯახსა და მოსწავლის მშობლებს შორის – ძალადობას წინ არასრულწლოვნის ბულინგი უძღოდა

ბაღდათი

ხმაური და დაპირისპირება იყო ბაღდათის მუნიციპალიტეტში. სოფელ როხში სკოლის დირექტორის ქმარმა ადგილობრივი მცხოვრების, გოგიტა სანიკიძის მანქანას ქვები დაუშინა. 

შემთხვევის დროს ავტომობილში ქალი და ბავშვი იმყოფებოდა.

დაშავებული არავინაა, დაზიანდა ავტომობილის მინები. ადგილზე პოლიცია გამოიძახეს, რის შემდეგაც შეუძლოდ გახდა თავად სკოლის დირექტორის ქმარი. ის კლინიკაში გადაიყვანეს.

ავტომობილის მფლობელი, გოგიტა სანიკიძე კი აცხადებს, რომ ძალადობას წინ მხარეებს შორის კონფლიქტი უძღოდა. სანიკიძეების შვილი როხის სკოლაში სწავლობდა. მშობლების თქმით, ის დირექტორის მხრიდან ბულინგს განიცდიდა, რის გამოც არასრულწლოვანმა თვითმკვლელობა სცადა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.