საწვავის ფასები

მსოფლიო • 1790960672

„დიდი შვიდეულის“ ლიდერები დიზელის საწვავის მარაგების გამოთავისუფლებაზე შეთანხმდნენ

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ „დიდი შვიდეულის“ ლიდერები დიზელის ფასების შესამცირებლად „კოორდინირებულად“ მუშაობაზე შეთანხმდნენ.„გადავწყვიტეთ, წარმოება უფრო მოქნილი გავხადოთ, რათა ჩვენი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები მაქსიმალური სიმძლავრით ვამუშაოთ; პარტნიორებთან ერთად, ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს კოორდინაციით, ოთხი თვის განმავლობაში ჩვენი სტრატეგიული მარაგები 100 მილიონ ბარელამდე გამოვათავისუფლოთ, ასევე არ მივიღოთ ისეთი ზომები, რომლებიც პარტნიორ ქვეყნებს შორის ენერგიისა და ნავთობპროდუქტების გაცვლას შეზღუდავს“, – დაწერა მაკრონმა სოციალურ ქსელში.აღნიშნულის შესახებ დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმაც.„ევროპა ახლახან შეთანხმდა დიზელის საწვავის დიდი მარაგის გამოთავისუფლებაზე, პროცესი დაუყოვნებლივ დაიწყება, მადლობა ამ საკითხისადმი ყურადღებისთვის, –  დაწერა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში.ცნობისთვის, მანამდე „როიტერმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ გერმანიასა და საფრანგეთს მოუწოდა, საგანგებო შემთხვევებისთვის შექმნილი დიზელის მარაგებიდან საწვავი გამოეთავისუფლებინათ, რათა ხელი შეეწყოთ საწვავის მსოფლიო ფასების შემცირებისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, აშშ დიზელის ექსპორტზე შესაძლო აკრძალვის დაწესებით დაიმუქრა.

სჰბს

მსოფლიო • 1790955973

CNN: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დემოკრატიის ხელშეწყობისთვის განკუთვნილი მრავალმილიონიანი ბიუჯეტიდან თანხები უკიდურესად მემარჯვენე პროექტების დასაფინანსებლად მიმართა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დემოკრატიის ხელშეწყობისთვის განკუთვნილი მრავალმილიონიანი ბიუჯეტიდან თანხები უკიდურესად მემარჯვენე პროექტების დასაფინანსებლად მიმართა, - წერს ტელეკომპანია CNN-ი.ინფორმირებული წყაროს ცნობით, საუბარია სამხრეთ აფრიკაში აფრიკანერების უფლებების დაცვის, „დასავლური ცივილიზაციური ნორმების“ შენარჩუნებისა და ევროპაში მასობრივი მიგრაციის შედეგების დოკუმენტირების პროგრამებზე.გრანტები გამოიყო $177-მილიონიანი „დემოკრატიის ფონდიდან“ იმის მიუხედავად, რომ პროცესი შეჩერებული იყო სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წამყვანი „დემოკრატი“ სენატორის, ჯინ შაჰინის მიერ.სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ხელი მოაწერა მემორანდუმს ფინანსების დამტკიცებაზე ფისკალური წლის ბოლო დღეს, ვიდრე გამოყოფილი საბიუჯეტო ლიმიტი ამოიწურებოდა.„აღნიშნული გადაწყვეტილება სრულად ასახავს ტრამპის ადმინისტრაციის კურსს - ტრადიციული ადამიანის უფლებების დაცვიდან აქცენტი გადაიტანოს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვასთან ბრძოლაზე, მასობრივი მიგრაციის წინააღმდეგობასა და „ბუნებრივი უფლებების“ დაცვაზე“, - აღნიშნავს CNN-ი.დაფინანსება მიიღო პროექტებმა ბრაზილიაში, სამხრეთ აფრიკასა და ნიგერიაში, სადაც ვაშინგტონი ქრისტიანთა „მასობრივ დევნაზე“ მიუთითებს.როგორც წესი, „დემოკრატიის ფონდის“ რესურსები ავტორიტარულ ან სუსტი დემოკრატიის მქონე ქვეყნებს ხმარდება. ამ შემთხვევაში კი, როგორც პირველად The Guardian-მა გაავრცელა, დაფინანსება ევროპისა და დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე მოქმედ პროგრამებსაც გადაეცემა.სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ტომი პიგოტმა განაცხადა, რომ ადმინისტრაცია პირობას ასრულებს: „პრეზიდენტმა დადო პირობა, რომ წინააღმდეგობას გაუწევს დესტრუქციულ „ვოუკ“ დღის წესრიგს. ჩვენ არასდროს მოვიხდით ბოდიშს დასავლური ცივილიზაციის დაცვის, ცენზურის წინააღმდეგობისა და მასობრივი მიგრაციის ეპოქის დასრულებისთვის“.სენატორი ჯინ შაჰინი კი მიიჩნევს, რომ კონგრესის გვერდის ავლით გადაწყვეტილების მიღება ამერიკელი გადასახადის გადამხდელების თანხების ფლანგვაა: „ადმინისტრაცია საბიუჯეტო სახსრებს იყენებს უკიდურესად მემარჯვენე ორგანიზაციების დასაფინანსებლად უკვე ჩამოყალიბებულ დემოკრატიულ ქვეყნებში, რაც აზიანებს ამერიკულ ღირებულებებსა და ურთიერთობებს ევროპელ მოკავშირეებთან“.

დოლარი

ფინანსები • 1790954465

დოლარის და ევროს ფასი შეიცვალა - განახლებული კურსი

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6039 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6042 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0003 ლარი შეადგინა.რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9257 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9407 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0150 ლარი შეადგინა.

 ტრამპი

მსოფლიო • 1790950821

ტრამპი: ევროპა ახლახან დათანხმდა თავისი დიზელის საწვავის ჭარბი მარაგების დიდი ოდენობით გათავისუფლებას - პროცესი დაუყოვნებლივ დაიწყება

 აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ევროპამ დიზელის საწვავის დიდი ოდენობის მარაგების ბაზარზე გამოშვების გადაწყვეტილება მიიღო. ტრამპის თქმით, ეს პროცესი დაუყოვნებლივ დაიწყება.„ევროპა ახლახან დათანხმდა თავისი დიზელის საწვავის ჭარბი მარაგების დიდი ოდენობით გათავისუფლებას. პროცესი დაუყოვნებლივ დაიწყება“, - აღნიშნა ტრამპმა.

ფოტო: AFP via Getty Images

მსოფლიო • 1790949192

POLITICO: საფრანგეთი აშშ-ის ზეწოლის ფონზე ევროკავშირს ნავთობისა და დიზელის რეზერვების გამოყენებას სთავაზობს

 საფრანგეთმა ევროკავშირის ქვეყნებს სტრატეგიული რეზერვებიდან 50 მილიონი ბარელი ნედლი ნავთობისა და 50 მილიონი ბარელი დიზელის საწვავის გათავისუფლება შესთავაზა. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.გამოცემის ცნობით, ინიციატივა მას შემდეგ გაჟღერდა, რაც აშშ-მა ევროპულ ქვეყნებს საწვავის ფასების შესამცირებლად ნავთობისა და დიზელის მარაგების გამოყენებისკენ მოუწოდა და წინააღმდეგ შემთხვევაში საწვავის ექსპორტზე შესაძლო შეზღუდვით დაემუქრა.ორი ევროპელი ოფიციალური პირის განცხადებით, წინადადება პარასკევს, ევროკავშირის ენერგეტიკის სფეროს მაღალი რანგის წარმომადგენლების შეხვედრაზე გაჟღერდა. მათი თქმით, საკითხი ამ ეტაპზე ტექნიკურ შეფასებას გადის.საფრანგეთის შეთავაზება ვაშინგტონის მხრიდან გაძლიერებულ ზეწოლას მოჰყვა. აშშ-ის ენერგეტიკის მდივანმა კრის რაიტმა ევროპულ ქვეყნებს მოუწოდა სამი თვის განმავლობაში სტრატეგიული მარაგებიდან 120 მილიონი ბარელი გამოათავისუფლონ, რათა დიზელის გაძვირება შეაკავონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვაშინგტონი საწვავის ექსპორტზე შეზღუდვების დაწესებას განიხილავს.ევროპელი ოფიციალური პირების ინფორმაციით, საფრანგეთის შეთავაზება ასევე პასუხია აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ახალ მოთხოვნაზე, რომელიც საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს მოუწოდებდა, 100 მილიონი ბარელი საწვავი გაეთავისუფლებინა, მათ შორის მთელი მოცულობა დიზელი უნდა ყოფილიყო.გერმანია, თავის მხრივ, რეზერვების გათავისუფლებას ჯერჯერობით არ ეთანხმება.„გერმანიას და სხვა ქვეყნებს არ სურთ, რომ ისინი გამოიყენონ. მათ სურთ მარაგების გათავისუფლება მხოლოდ მაშინ, როდესაც მიწოდების რეალური უსაფრთხოების პრობლემა არსებობს“, - განაცხადა ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა.ევროკავშირის ოფიციალური მონაცემებით, საფრანგეთსა და გერმანიას ევროპაში ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ყველაზე დიდი სტრატეგიული მარაგები აქვთ.მეორე ევროპელი ოფიციალური პირის განცხადებით, საფრანგეთი მზად არის, აშშ-ის მოთხოვნას შეუერთდეს და „ცხადია, ევროკავშირი რაღაცას გააკეთებს, თუკი საერთო გადაწყვეტილებაზე შეთანხმებას შეძლებს“.მისივე თქმით, ამ ეტაპზე უცნობია, რეზერვების გათავისუფლება ევროკავშირის მასშტაბით ერთობლივად განხორციელდება თუ ორმხრივი შეთანხმებების საფუძველზე. ამის მიზეზად მან ვაშინგტონის მიერ სხვადასხვა ევროპული ქვეყნისთვის განსხვავებული მოთხოვნების წარდგენა დაასახელა.

ეფ-16 ვი ბლოქ 70“-ის ტიპის სამხედრო თვითფრინავები

მსოფლიო • 1790940840

ტაივანმა აშშ-სგან ორი ერთეული „ეფ-16 ვი ბლოქ 70“-ის ტიპის სამხედრო თვითფრინავები მიიღო

სამხედრო შეთანხმების ფარგლებში, ტაივანმა აშშ-სგან ორი ერთეული „ეფ-16 ვი ბლოქ 70“-ის ტიპის სამხედრო თვითფრინავები მიიღო.ეს არის აშშ-ში წარმოებული 66 თვითმფრინავისგან შემდგარი პარტიის პირველი ერთეული. შეკვეთა ჯერ კიდევ 2019 წელს გაკეთდა.ჰავაისა და გუამის გავლის შემდეგ, თვითმფრინავი ჩიჰჰანგის ავიაბაზაზე დაეშვა, რომელიც ტაივანის მთიან აღმოსავლეთ სანაპიროზე, ქალაქ ტაიტუნგთან მდებარეობს. პროგრამულ უზრუნველყოფასთან დაკავშირებული პრობლემების გამო გამანადგურებელი თვითმფრინავების ჩასვლა რამდენიმე თვით შეფერხდა. ტაივანის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, ველინგტონ კუმ განაცხადა, რომ მოსალოდნელია დამატებითი თვითმფრინავების ჩასვლაც.ჩინეთის ტაივანს საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს და ტაივანთან აშშ-ის თანამშრომლობას ეწინააღმდეგება.2019 წელს შეერთებულმა შტატებმა დაამტკიცა ტაივანისთვის „ლოქჰედ მარტინის“ წარმოების „ეფ-16 ვი ბლოქ 70“-ის ტიპის გამანადგურებელი თვითმფრინავების რვა მილიარდ დოლარად მიყიდვის გარიგება, რაც კუნძულის „ეფ-16“ -ების ავიაპარკს 200-ზე მეტ ერთეულამდე გაზრდის. თუმცა, სხვადასხვა პრობლემამ, მათ შორის პროგრამულმა ხარვეზებმა, თვითმფრინავების მიწოდება შეაფერხა.

ლევან მახაშვილი

პოლიტიკა • 1790939060

ლევან მახაშვილი საქართველო-აშშ-ს შორის ურთიერთობაზე: ორმხრივ ურთიერთობები ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ, მაგრამ ვითარდება და პროგრესირებს

საქართველოსა და აშშ-ს შორის ორმხრივ ურთიერთობები ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ, მაგრამ ვითარდება და პროგრესირებს - განაცხადა ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა გაეროს ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და აშშ-ს პრეზიდენტს შორის შემდგარ კომუნიკაციაზე საუბრისას.მისივე თქმით, საქართველოსა და აშშ-ს შორის იზრდება ის სფეროები, სადაც ხდება ურთიერთობების განვითარებაზე.„უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე ორივე მხარეს არსებობს იმის მზაობა, რომ ეს ურთიერთობები ასეთი პოზიციტიური ტენდენციით განვითარდეს და საბოლოო ჯამში როდესაც იქნება ამის დრო და ფორმატი ეს ყველაფერი გადაითარგმნოს სტრატეგიულ პარტნიორობაში“, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი

პოლიტიკა • 1790931176

შალვა პაპუაშვილი: კმაყოფილი ვართ იმ დინამიკით, რომელიც არის ქართულ-ამერიკულ ურთიერთობაში შალვა პაპუაშვილი

ჩვენ კმაყოფილი ვართ იმ დინამიკით, რომელიც არის ქართულ-ამერიკულ ურთიერთობაში, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.მისი თქმით, ყველა მაღალი დონის შეხვედრაზე ქართული მხარე ადასტურებს, რომ მზად არის დაიწყო ურთიერთობას სუფთა ფურცლიდან.„პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ გაეროში ყოფნის დროს ჰქონდა შესაძლებლობა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის მიწვევით დასწრებოდა მიღებას და ჰქონდა მათ შორის შესაძლებლობა, რომ მოკლე გასაუბრება ჰქონოდა როგორც პრეზიდენტთან, ასევე უფრო დეტალური გასაუბრება სახელმწიფო მდივანთან. ჩვენ ასეთი ურთიერთობების დროს ყოველთვის ვადასტურებთ კიდევ ერთხელ ჩვენს მზადყოფნას, რომ ახალი ათვლის წერტილით დაიწყოს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა. დანარჩენი დამოკიდებულია მათზე, ვინც უპასუხებს ამ ჩვენს მზადყოფნას. ასე რომ, ჩვენ კმაყოფილი ვართ იმ დინამიკით, რომელიც არის ქართულ-ამერიკულ ურთიერთობაში. სამწუხაროდ, ძალიან დააზიანა წინა ადმინისტრაციამ ეს ურთიერთობები და მნიშვნელოვანია, რომ ეს ზიანი აღმოიფხვრას და ახალი ფურცლიდან დაიწყოს ურთიერთობა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ნიუ-იორკში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ოფიციალურ მიღებას დაესწრო.საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, მიღება 22 სექტემბერს ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მონაწილე სახელმწიფოთა ლიდერების პატივსაცემად გაიმართა.

 შსს

სამართალი • 1790926146

აჭარაში ჯგუფურად ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს - შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის ჯგუფურად, თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი ორი პირი დააკავეს.უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბათუმში მოქმედი სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელები მოქალაქეებს ბინების საკუთრებაში გადაცემას დაჰპირდნენ, სანაცვლოდ კი დიდი ოდენობით თანხა გამოართვეს.ბრალდებულებმა მყიდველებს ბინები საკუთრებაში არ დაურეგისტრირეს და ფართები მხოლოდ ფაქტობრივ მფლობელობაში გადასცეს. მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც მოქალაქეებმა ბინები საკუთარი ხარჯებით გაარემონტეს, ბრალდებულებმა აღნიშნული ფართები დამატებითი თანხის მიღების მიზნით სხვა პირებზე გაასხვისეს.აღნიშნული დანაშაულებრივი სქემით ბრალდებულები მოტყუებით დაეუფლნენ მოქალაქეთა კუთვნილ 190 502 აშშ დოლარსა და 42 600 ლარს.პოლიციამ ორივე პირი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა.გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაული 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დონალდ ტრამპი

მსოფლიო • 1790923302

დონალდ ტრამპი: ფასები ბევრად დაბალია, ვიდრე ბაიდენმა და „დემოკრატებმა“ დაგვიტოვეს, ეს დემოკრატების ბრალია და არა რესპუბლიკელების, თუმცა ჩვენ ამას ვაგვარებთ

ფასები ბევრად დაბალია, ვიდრე ბაიდენმა და „დემოკრატებმა“ დაგვიტოვეს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.როგორც ტრამპი აღნიშნავს, მაღალ ფასებზე პასუხისმგებელი ბაიდენის ადმინისტრაცია და დემოკრატიული პარტიაა.ტრამპის თქმით, სწორედ მაღალი ფასების გამო მიიღო ამომრჩევლების მხარდაჭერა საპრეზიდენტო არჩევნებში.„ფასები ბევრად დაბალია, ვიდრე ბაიდენმა და „დემოკრატებმა“ დაგვიტოვეს. სწორედ ამიტომ გავიმარჯვე არჩევნებში და ახლა ფასები სწრაფად იკლებს. ეს დემოკრატების ბრალია და არა რესპუბლიკელების, თუმცა ჩვენ ამას ვაგვარებთ“, – წერს ტრამპი.

დონალდ ტრამპი

პოლიტიკა • 1790919068

ტრამპი: ისრაელისკენ მიმავალი Fly Dubai-ს თვითმფრინავის მეორე პილოტი შესაძლოა ირანთან იყოს დაკავშირებული

 აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ისრაელისკენ მიმავალი Fly Dubai-ს სამგზავრო თვითმფრინავის მეორე პილოტი, რომელმაც, სავარაუდოდ, თვითმფრინავის ჩამოგდება სცადა, შესაძლოა ირანთან იყოს დაკავშირებული.ტრამპის თქმით, ამის შესახებ ინფორმაციას ის „ამჟამად მოსმენილი ცნობების საფუძველზე“ ავრცელებს, თუმცა დამატებითი დეტალები არ დაუკონკრეტებია.„ამაზე ახლა ვმუშაობთ. ისინი ჩვენთან ძალიან ღიად საუბრობენ. ვიტყოდი, რომ პასუხი, იმის საფუძველზე, რაც მესმის, არის - დიახ. თუმცა, ამ საკითხზე მუშაობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს“, - განაცხადა ტრამპმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, დაკავშირებულია თუ არა მეორე პილოტი ირანთან.ჟურნალისტებმა ტრამპს ასევე ჰკითხეს, ხომ არ იყო მეორე პილოტი ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მიერ თვითმფრინავში შეგზავნილი, ან ხომ არ მოხდა მისი რადიკალიზაცია სხვა გზით. „შესაძლოა, ასეც იყოს“, - უპასუხა აშშ-ის პრეზიდენტმა.როგორც ამერიკული მედია წერს, ტრამპის განცხადება უფრო კატეგორიული იყო, ვიდრე ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს პოზიცია. ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ჯერ ნაადრევია იმის თქმა, მონაწილეობდა თუ არა ინციდენტში ირანი.„არ ვფიქრობ, რომ ეს თვითმფრინავის გატაცება იყო. ვფიქრობ, ეს უფრო თვითმკვლელობის მცდელობას ჰგავს“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ბბ

მსოფლიო • 1790917412

აშშ-მა ირანის საავტომობილო და სარკინიგზო სექტორებს დამატებითი სანქციები დაუწესა

 აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ვაშინგტონმა ირანის წინააღმდეგ ეკონომიკური ზეწოლა გააძლიერა და ახალი სანქციები დაუწესა კომპანიებსა და ქსელებს, რომლებიც ირანის საავტომობილო, სარკინიგზო და მეტალურგიულ სექტორებში საქმიანობენ და ქვეყანას სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებიან.აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, მათი მიზანია ირანისთვის უკანონო შემოსავლების მიღების შესაძლებლობების შეზღუდვა და საერთაშორისო ბაზრებზე წვდომის შეფერხება.აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა ირანის საავტომობილო და სარკინიგზო დარგები სექტორული სანქციების სიაშიც შეიყვანა, რაც ამ სფეროებში მოქმედი კომპანიებისა და პირების წინააღმდეგ დამატებითი შეზღუდვების დაწესების შესაძლებლობას იძლევა.სანქციები შეეხო ირანის უმსხვილეს ავტომწარმოებლებს, მათ შორის Iran Khodro-სა და SAIPA-ს, რომლებიც ქვეყნის შიდა საავტომობილო ბაზრის 90%-ზე მეტს აკონტროლებენ. შეზღუდვები ასევე დაუწესდა ირანის სარკინიგზო კომპანიებსა და უცხოურ საწარმოებს, რომლებიც ირანის საავტომობილო ინდუსტრიას ნაწილებით ამარაგებენ.აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის განცხადებით, სანქციების სიაში მოხვდა ჩინეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, გერმანიაში, თურქეთსა და ინდონეზიაში მოქმედი კომპანიებიც, რომლებიც ირანის მეტალურგიულ და სამრეწველო სექტორებთან თანამშრომლობენ.

✕