„ჩემი ბიჭი ბაბუა აღარ მყავს...“ - ნატალია ყიფშიძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
1795116106
დონალდ ტრამპის, სი ძინპინისა და ვლადიმირ პუტინის სამმხრივი შეხვედრა ერთობლივი დეკლარაციის მიღებით დასრულდა. მხარეები გაეროს რეფორმებზე, საწვავის მიწოდებასა და ბირთვული რისკების შემცირებაზე თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ, თუმცა დოკუმენტში არაფერია ნათქვამი უკრაინასა და ირანში მიმდინარე ომებზე, - წერს Euronews.
სამიტის დასრულების შემდეგ ლიდერებს ერთობლივი განცხადებები არ გაუკეთებიათ, დონალდ ტრამპმა კი შეხვედრის ადგილი დატოვა და პირდაპირ აეროპორტში გაემგზავრა. ამის მიუხედავად, კრემლის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ გამომშვიდობებისას ვლადიმერ პუტინმა სი ძინპინს მადლობა გადაუხადა: „მადლობა ამის ორგანიზებისთვის, არა მგონია, ვინმეს სცოდნოდა, რომ ყველაფერი ასე კარგად ჩაივლიდა“.
გავრცელებული „სამმხრივი სამშვიდობო დეკლარაციის“ თანახმად, სი ძინპინი, ვლადიმირ პუტინი და დონალდ ტრამპი ადასტურებენ ერთგულებას სტრატეგიული სტაბილურობისა და საერთაშორისო უსაფრთხოების დაცვის მიმართ.
დოკუმენტის მიხედვით, სამი ქვეყანა შეთანხმდა გაეროს რეფორმირებაზე, ნავთობპროდუქტების წარმოებისა და მიწოდების გაზრდაზე, ასევე ბირთვული რისკების შესამცირებლად დიალოგის წარმოებაზე. გარდა ამისა, მხარეები შეთანხმდნენ სახელმწიფო მოხელეთა იმუნიტეტის პატივისცემასა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსა და მსგავსი ინსტიტუტების მხრიდან „იურისდიქციის ბოროტად გამოყენების“ წინააღმდეგ გამოსვლაზე.
აღსანიშნავია, რომ საბოლოო დეკლარაციაში პირდაპირ არ არის ნახსენები უკრაინა, ირანი, ჩრდილოეთ კორეა და სხვა კონფლიქტური საკითხები, მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრის დაწყებამდე გამართულ ორმხრივ მოლაპარაკებებზე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სურდა განეხილა ბირთვული არსენალის შემცირება, რუსეთის ომი უკრაინაში და „ყველა ის პრობლემა, რაზეც რეალურად მსჯელობენ მსოფლიოში“.