VIDEO: „პირველადი საჭიროების პროდუქტებზე ფასები იკლებს“ – რა ტენდენციაა საცალო ვაჭრობის ობიექტებზე

პროდუქტები გაიაფდა

რა შედეგი მოჰყვა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დავალებას სამომხმარებლო ფასების შემცირების მხრივ? საცალო ვაჭრობის ობიექტებზე ინფორმაციის გადამოწმებისას ირკვევა, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში პირველადი საჭიროების პროდუქტებზე ფასები შემცირებულია. ეკონომიკურ გუნდში კი პოზიტიური ტენდენციის შენარჩუნებას ელიან.

ეკონომიკის სამინისტრო ამზადებს კანონპროექტს, რომელიც სამართლიანი ვაჭრობის შესახებ ევროდირექტივას მიჰყვება.  ზეთი, შაქარი, კვერცხი, სხვადასხვა სახის ბურღულეული - მოქალაქეები პირველადი მოხმარების პროდუქტების ფასებზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ბოლო რამდენიმე კვირაა ქსელური მარკეტებში ფასებმა დაიკლო. ფაქტს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი ლექვინაძე აფასებს: „თებერვლის დასაწყისიდან აქტიური კომუნიკაცია მთავრობის ეკონომიკური გუნდის მხრიდან, რომელშიც ჩართულნი ვიყავით ჩვენც, კონკურენციის სააგენტო. იმპორტიორებთან, დისტრიბუტორებთან და რითეილ ქსელების წარმომადგენლებთან ბევრი საკითხი განვიხილეთ, მათ შორის ის ფასნამატები, რომელიც კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ იქნა გამოკვლეული და რომელიც, დასახელდა, რომ იყო საკმაოდ მაღალი. მთავრობის ეკონომიკური გუნდის მიზანი იყო გარკვეულიყო ის კრიტიკული რგოლები ამ ფასნამატებში, რა იწვევდა პროდუქციის გაძვირებას. ეს თანამშრომლობა ძალიან კონსტრუქციულია და დღემდე გრძელდება. სხვადასხვა სფეროსთან  თვენახევრიანი თანამშრომლობის შემდეგ, ჩვენ ვხედავთ ძალიან ბევრ აქციას და ფასდაკლებას. აქციები განსაკუთრებით ეხება პირველადი მოხმარების პროდუქტებს ზეთს, წიწიბურას, შაქარს და ა.შ. მთლიანობაში შეგვიძლია, ვთქვათ, რომ 20%-ის არეალში შემცირდა ძირითადი პროდუქტების ფასები. ერთი მხრივ შედეგია იმისა, რომ ამ პერიოდის მანძილზე კურსიც გამოირჩევა გამყარების დიაპაზონით, რაც გავლენას ახდენს პროდუქტების ფასებზე. ამასთან მნიშვნელოვანია ისიც, რომ მხარეების ჩართულობით მოძებნილია და ძალიან ბევრ საკითხში არის დაწყებული თანამშრომლობა. ამასთან, ყველაზე მთავარი მთავრობის ეკონომიკური გუნდი და ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს სპეციალურ მარეგულირებელ ჩარჩოზე, რომლის მიხედვითაც უნდა მოხდეს იმ კრიტიკული ხარჯების დაბალანსება და უფრო დასტანდარტულება, რომელიც მაღალ ფასნამატებში თამაშობს დიდ როლს. კონკურენციის მოლოდინია, რომ პროდუქტებზე ფასების შემცირების ტენდენცია გაგრძელდება“, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.  როგორ შეხვდა მოსახლეობა პროდუქტებზე ფასების კლების ტენდენციას, ვრცლად ნახეთ „პრაიმტაიმის“ გამოკითხვაში.