„ვერც კი წარმომიდგენია, როგორი შეიძლება ყოფილიყო ამ ასაკში“ - მსახიობი საშკა იოსელიანი 70 წლის გახდებოდა

sashka ioseliani

„ვერც კი წარმომიდგენია, როგორი შეიძლება ყოფილიყო, 70 წლის, ასაკოვანი, ჩემი საამაყო, საყვარელი, ძალიან კეთილი და ძალიან ლამაზი, სულით ხორცამდე, ინტელიგენტი, ვაჟკაცი და ყველასთვის საყვარელი საშკა. გილოცავ დაბადების დღეს!.“ - ასე იხსენებს მეგობარი მსახიობ ალექსანდრე (საშკა) იოსელიანს, რომელსაც 29 ივლის 70 წელი შეუსრულდებოდა.

ამერიკაში მოღვაწე ქართველი მსახიობის, ხათუნა იოსელიანის უმცროს ძმას აფხაზეთის ომში დაიღუპა.

 

 

მიუხედავად იმისა, რომ ალექსანდრე მხოლოდ 41 წლის იყო, მან არაერთ ქართულ ფილმსა თუ სპექტაკლში მოასწრო თამაში და მაყურებელს თავი სამუდამოდ დაამახსოვრა.

ამბობენ, საშკა იოსელიანის ქუჩაში გამოჩენა განსაკუთრებით დიდი სიხარული იყო გოგონებისთვის, რადგან ყველა მასზე იყო შეყვარებულიო. მორიდებული, ზრდილობიანი და სიმპათიური ბიჭის გულის მონადირებას თურმე ყველა თავისებურად ცდილობდა.

 

 

მსახიობის დებიუტი კინოში შედგა რეჟისორ ალექსანდრე ნინუას ფილმში „კედელი“. ამას მოჰყვა რეჟისორების გუგული მგელაძის, სიკო დოლიძის, გიგა ლორთქიფანიძის, გოგი ქავთარაძის და ირაკლი შავლიაშვილის ფილმები.

საშკა იოსელიანმა უკანასკნელი როლი 1992 წელს „ოქროს ობობაში“ ითამაშა, ერთი წლის შემდეგ კი აფხაზეთში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლას შეეწირა.