„ვემშვიდობებით ჩვენს ძვირფას თანამშრომელს, კოლეგასა და გუნდის გამორჩეულ წევრს...“ - „პანცილიონი“

მარიამ იმერლიშვილი

მცხეთის გზაზე, ტრაგიკულად დაღუპულ მარიამ იმერლიშვილს თანამშრომლები ემშვიდობებიან და გარდაცვლილის ოჯახს სამძიმარს უცხადებენ.

„ღრმა მწუხარებით ვემშვიდობებით ჩვენს ძვირფას თანამშრომელს, კოლეგასა და გუნდის გამორჩეულ წევრს - მარიამ იმერლიშვილს, რომელიც გუშინ ავტოკატასტროფის შედეგად ტრაგიკულად დაიღუპა. 

მისი ტრაგიკული და მოულოდნელი გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია თითოეული ჩვენგანისთვის. წლების განმავლობაში მარიამი ჩვენი გუნდის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო - თავისი შრომით, პასუხისმგებლობით, ადამიანურობითა და იმ სითბოთი, რომელიც მის გარშემო მყოფ ადამიანებს ყოველთვის გულს უთბობდა.

ძნელია სიტყვებით გადმოვცეთ ის ტკივილი, რომელსაც მისი წასვლა გვიტოვებს. მისი წვლილი კომპანიის განვითარებასა და წინსვლაში, მისი კეთილგანწყობა და მასთან დაკავშირებული უამრავი თბილი მოგონება სამუდამოდ დარჩება თითოეული ჩვენგანის გულში.

ამ მძიმე წუთებში შპს „პანცილიონი“ და შპს „ბუბა ჯორჯია“ მთელი გულით თანაუგრძნობენ მარიამის ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს.

ვუსამძიმრებთ და ვიზიარებთ მათ უდიდეს მწუხარებას.

საუკუნოდ იყოს მისი ხსენება,“ - ვკითხულობთ კომპანიის სამძიმრის პოსტში.

მცხეთის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას ნათია კვინტრაძესთან ერთად მარი იმერლიშვილი ემსხვერპლა. შემთხვევა წუხელ მოხდა.

არსებული ინფორმაციით, მათთან ერთად კიდევ 3 ადამიანი იმყოფებოდა, რომლებიც კლინიკაში არიან გადაყვანილი.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.