1783343393
„თუ ნიკაპზე ცერის დადებით პირის გაღებას ვერ ახერხებთ“ - რა უნდა ვიცოდეთ, თუ ბავშვმა გონება დაკარგა
ბავშვთა ნევროლოგი, თამარ ედიბერიძე, გადაცემაში "მარი მალაზონია პირადი ექიმი" საუბრობს, რა უნდა გავითვალისწინოთ მაშინ, თუ ადამიანმა გონება დაკარგა:
„გონდაკარგული ადამიანი, მით უმეტეს კუნთების ტონუსის დაკარგვის გამო, ისედაც ვარდება. ჩვენ გვჭირდება სწორი, მყარი ზედაპირი, რომელზეც სხეული ჰორიზონტალურად უნდა მოვათავსოთ. სასურველია, სხეული გასწორებულ, სწორ მდგომარეობაში იყოს. პირველ რიგში, უნდა დავაზუსტოთ, ნამდვილად სრულად არის თუ არა გონება დაკარგული და რამდენად შეუძლია ადამიანს უკუკავშირის დამყარება. თუ ვიცით, შეიძლება სახელით დავუძახოთ ან როგორღაც მივმართოთ. კატეგორიულად დაუშვებელია უხეში ჯანჯღარი ან გამოფხიზლების მიზნით ტკივილის მიყენება (ჩქმეტა, კბენა, ჩხვლეტა). ტკივილმა შესაძლოა სხვა ტიპის რეაქცია გამოიწვიოს და ადამიანმა გონება ხელახლა დაკარგოს. გარდა ამისა, ტკივილის მიყენება ბავშვს კიდევ უფრო აშინებს. მხარზე ან ლოყაზე მსუბუქად მოტყაპუნება კი ყოველთვის შეიძლება.
მნიშვნელოვანია, რომ ჰორიზონტალური, სწორი და მაგარი ზედაპირის გარდა, ჰაერის სუფთა ვენტილაციაც უზრუნველვყოთ. არ არის საჭირო შემთხვევის ადგილზე ყველა თვითმხილველის მობილიზება. გვინდა სუფთა ჰაერი და მისი ვენტილაცია. თუ ვინმე სხვა დაგვეხმარება, თვითმხილველები ცოტათი უნდა განარიდოს და იზოლაცია გაუკეთოს, რაც მნიშვნელოვანია არა მარტო ბავშვის, არამედ ზრდასრულის შემთხვევაშიც. როგორც კი გონების დაკარგვაში დავრწმუნდებით, უნდა დავაკვირდეთ, ხომ არ არის რამე უხეში ტრავმა, მაგალითად, სისხლმდენი ჭრილობა. თუ ტრავმა არ აღინიშნება, პირველად დახმარებას ვაგრძელებთ. პაციენტი ჰორიზონტალურ პოზიციაში გვყავს და ნებისმიერი შემზღუდავი საგანი (მჭიდრო საყელო, ქამარი, სათვალე) მაქსიმალურად უნდა მოვაშოროთ და გავათავისუფლოთ. თუ პაციენტს უნებლიე, რიტმული მოძრაობები (კიდურების შეკრთომები) აქვს, უსაფრთხოებას დამატებით ვაკვირდებით, რომ გარშემო არსებულ საგნებს ხელი ან ფეხი არ მიაჯახოს. მჭრელი, მსხვრევადი და მჩხვლეტავი საგნები ისედაც უნდა მოვაშოროთ. პაციენტს მაქსიმალურად ჰორიზონტალურ პოზიციაში ვინარჩუნებთ. თუმცა, თუ თავის არეში უნებლიე მოძრაობები აქვს, თავქვეშ შეიძლება თხელი, გაკეცილი ქურთუკი ან ძალიან თხელი ბალიში დავუდოთ. სასთუმლის ამაღლება საჭირო არ არის - ზედაპირი სწორი უნდა იყოს. ძალიან თხელი საფენი მხოლოდ იმისთვისაა საჭირო, რომ ასფალტზე ან ბეტონის უხეშ ზედაპირზე თავის უნებლიე დარტყმა ავიცილოთ.
თუ ღებინების ტიპის მოძრაობები გვაქვს, მით უმეტეს გვერდული პოზიციაა საჭირო. როდესაც პაციენტის მდგომარეობა არ ვიცით და კომუნიკაციას ვერ ვამყარებთ, სწორი და გვერდული პოზიცია ყველაზე უსაფრთხოა. გონდაკარგულმა ადამიანმა შესაძლოა, აღებინოს და კუჭის შიგთავსი პირის ღრუში ამოუვიდეს. ამ დროს ყველაზე მეტად იმის გვეშინია, რომ ეს მასა სასუნთქ გზებში არ მოხვდეს. გვერდული პოზიცია სასუნთქ გზებს იცავს, რადგან შიგთავსი გარეთ გადმოვა. სასუნთქი გზების გამავლობა შეიძლება შევამოწმოთ, განსაკუთრებით მაშინ, თუ ვიცით, რომ ადამიანი მანამდე ჭამდა ან პირის ღრუში რაიმე ჰქონდა. თუმცა, თუ ნიკაპზე ცერის დადებით პირის გაღებას ვერ ახერხებთ, ძალისხმევის გაორმაგება კატეგორიულად დაუშვებელია. კრიჭის შეკვრა (ტრიზმი) გონების დაკარგვას ხშირად ახლავს და ეს ყოველთვის ეპილეფსიურ კრუნჩხვას არ ნიშნავს.მათ შორის, სინკოპეს (გულის წასვლის) დროსაც. გულწასულ ადამიანსაც შეიძლება კრიჭა შეეკრას, ამისგან დაზღვეული არ ვართ. თუმცა, კატეგორიულად არ შეიძლება პირის ღრუში მახვილი საგნების, სხვადასხვა მოწყობილობების ან თითების ჩაყოფა. სანამ ადამიანი გონზე სრულად არ მოვა და კომუნიკაბელური არ გახდება, პირის ღრუში არაფერი არ უნდა მოვათავსოთ. რაც არ უნდა კეთილი ზრახვები გვქონდეს და გვეგონოს, რომ ეს წამალი მას უშველის, გონდაკარგული ადამიანის პირში არაფერი თავსდება. სხვა საჭირო წამალი, მაგალითად, კუნთში ინექციის სახით შეიძლება მიეცეს და არა პირის ღრუდან. თუ ამის საჭიროება იქნება, ოღონდ ამასაც კატეგორიულად ექიმი აფასებს და ადგილზე გადაწყვეტილებას ჩვენ არ ვიღებთ. იშვიათი გამონაკლისი შეიძლება იყოს ქრონიკული პაციენტი, რომლისთვისაც ეს პირველი შემთხვევა არ არის და მისთვის ეს ნაცნობი ეპიზოდია. თუ ეს ჩვეული ეპიზოდია და მისი გვერდში მყოფი გულშემატკივარი სიტყვა-სიტყვით არის დატრენინგებული, როგორ იმოქმედოს, მხოლოდ მაშინ. თუმცა, მაშინაც კი ყველას აფრთხილებენ, რომ გონდაკარგული ადამიანის პირში ტაბლეტი ან სასმელი არ უნდა მოთავსდეს".











