„წვრილმან ხულიგნობასთან დაკავშირებული მუხლის დისპოზიცია იმგვარად არის ფორმულირებული, რომ რეაგირების მოსახდენად კონკრეტული პირის მხრიდან მომართვა არ არის სავალდებულო“ - სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს უფროსი

შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს ხელმძღვანელის თამთა ქიმბარიშვილის განმარტებით,  ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში წვრილმან ხულიგნობასთან დაკავშირებული  მუხლის დისპოზიცია იმგვარად არის ფორმულირებული, რომ არ არის სავალდებულო სამინისტროსთვის  კონკრეტული პირის მხრიდან მიმართვა, რათა ადამიანის ღირსების შემლახველ და სიძულვილის ენის შემცველ  საჯაროდ გავრცელებულ განცხადებაზე ადმინისტრაციული წარმოება დაიწყოს. 

 თამთა ქიმბარიშივილის თქმით, სამმართველო აღნიშნული შინაარსის მქონე საჯარო  განცხადებების მონიტორინგსა და პროაქტიულ გამოვლენას თავად ახორციელებს,  ადმინისტრაციული წარმოების მასალებს ამზადებს და განხილვისთვის უგზავნის სასამართლოს.

„სამართლებრივი რეაგირების მოხდენისთვის, განცხადება, მომართვა, შესაძლოა არც იყო საჭირო, რადგან  წვრილმან ხულიგნობასთან დაკავშირებული მუხლის დისპოზიცია ამგვარად არის ფორმულირებული, მათ შორის საუბარია საჯარო სივრცეში  უმისამართო ლანძღვა-გინებაზე. თუ პიროვნება, უმისამართოდ შეიგინება, გამოყენებული იქნება სხვადასხვა უცენზურო სიტყვა და  გინებას შესაძლოა ჰყავდეს კონკრეტული ადრესატი, შესაძლოა იყოს ადრესატის გარეშეც, მოხდება  ამ ყველაფრის ინდივიდუალური შესწავლა.

თუ მივიჩნევთ, რომ კონკრეტული განცხადება შეიცავს ადმინისტრაციული გადაცდომის ნიშნებს, დაკვალიფიცირდება შესაბამისი მუხლით და შემდგომში წარედგინება სასამართლოს",  - განაცხადა თამთა ქიმბარიშვილმა.