წვიმა, სითბო და ტემპერატურის მკვეთრი კლება - როგორი ამინდი იქნება ოქტომბერში

ცივი ამინდი

როგორი ამინდი იქნება საქართველოში ოქტომბრის თვეში და რა ტემპერატურას უნდა ველოდოთ უახლოეს დღეებში - ამის შესახებ „პრაიმტაიმთან“ სინოპტიკოსი ხათუნა ქოქოსაძე საუბრობს.

მისი ინფორმაციით, 1 ოქტომბრიდან საქართველოში არამდგრადი ამინდი დამყარდება, რომელიც კვირის ბოლომდე შენარჩუნდება. განსაკუთრებით უხვი ნალექია მოსალოდნელი დასავლეთ საქართველოში.

სინოპტიკოსის განცხადებით, მთლიანობაში ოქტომბერი დასავლეთ საქართველოში კლიმატურ ნორმასთან შედარებით 1-2 გრადუსით თბილი იქნება, ხოლო ნალექების რაოდენობა საშუალო კლიმატურ მაჩვენებელს დაახლოებით გაუტოლდება.

„თვის საშუალო ტემპერატურა +19, +20 გრადუსი იქნება. მთიან რაიონებში +16, +17, აღმოსავლეთ საქართველოში კი +14, +16 გრადუსია მოსალოდნელი.

ცალკეულ დღეებში ტემპერატურამ შესაძლოა +26, +27 გრადუსს მიაღწიოს. ღამის საათებში სანაპირო ზოლში ტემპერატურა +7 გრადუსამდე დაიკლებს. მთიან ზონაში შესაძლოა 0 გრადუსამდე, მაღალმთიან რაიონებში კი -2, -3 გრადუსამდეც დაეცეს“, - განაცხადა ხათუნა ქოქოსაძემ.

სინოპტიკოსის პროგნოზით, ოქტომბერი მთლიანობაში განსაკუთრებით წვიმიანი არ იქნება. აღმოსავლეთ საქართველო, კლიმატური თავისებურებებიდან გამომდინარე, შედარებით მშრალ ამინდს შეინარჩუნებს.

„მთლიანი პროგნოზით, ძალიან წვიმიანი ოქტომბერი არ იქნება. კლიმატურად აღმოსავლეთ საქართველო უფრო მშრალია. ოქტომბრის დასაწყისშია უფრო მოსალოდნელი წვიმები“, - უთხრა „პრაიმტაიმს“ ხათუნა ქოქოსაძემ.

✕