„შვილო, მეგრული რომ ბარდებოდეს ინგლისურის ნაცვლად, მეც გამოვიდოდი წელს“ - სახალისო ფრაზები საგამოცდო ცენტრიდან

აბიტურიენტი

4 ივლისიდან საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. საგამოცდო ცენტრეთან თუ უშუალოდ ტესტირების დროს, არაერთი მხიარული ფაქტი ხდება ყოველ წელს. ამ მხრივ არც წლევანდელი გამოცდები ყოფილა გამონაკლისი.

გთავაზობთ სხვადასხვა საგამოცდო ცენტრთან გაგონილ ფრაზებს, რომლებსაც EDU.ARIS.GE-ს ჟურნალისტები შეესწრნენ:

„დედა, იცოდე, შემდეგ გამოცდაზე არ მოვალ თუ ბოლომდე აქ დამელოდები“ – აფრთხილებს აბიტურიენტი მშობელს, რომელიც აუტანელი სიცხის მიუხედავად, სკოლის შესასვლელიდან ფეხს არ იცვლის;

მეგობარი გამოცდიან გამოსულ აბიტურიენტს: „რახან შენ გამოეტიე გარეთ, სულ არ მაინტერესებს რა დაწერე! წამოდი, ნაყინი ვჭამოთ“;

„მთავარია, მოსმენის დავალება ტოსტერით არ ჩაგვირთონ, დანარჩენს გავაკეთებთ როგორმე“ – თქვა უცხო ენის გამოცდაზე მისულმა აბიტურიენტმა და თავი ისევ კონსპექტებში ჩარგო;

მამა აბიტურიენტ შვილს: „შვილო, ინგლისურის ნაცვლად მეგრული რომ ბარდებოდეს, მეც გამოვიდოდი წელს“;

„გარეთ რომ გამოვედი, ეგრევე ხალხი მომვარდა – რა საკითხები მოგივიდაო და მე ხელებით ვაჩვენე, ვითომ ყრუ-მუნჯი ვიყავი“

„ნახევარი არც წამიკითხავს, ვინც მართლა აბიტურიენტია იმას ჰკითხეთ საკითხები, მე მესამედ ვაბარებ ჯარის გამო“

„მე რომც ჩავიჭრა, სახლში გაპრავებულია, ჩემი ყველა ძმა ჩაიჭრა თავის დროზე“

„რკინის ხურდა მაიტა, ავაგდო, ვაბარებ თუ ვერა“