1767166260
შიდა ტურიზმის განვითარებისა და გასტრო ტურიზმის პოპულარიზაციისთვის ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ფესტივალში „გემო“ 53 მეწარმე ჩაერთო
წელს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ შიდა ტურიზმის პოპულარიზაციისთვის მასშტაბური პროექტები განახორციელა.
ადმინისტრაციის ორგანიზებით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ფესტივალები და ტურები გაიმართა. ადმინისტრაციის პროექტებში აქტიურად ჩართული იყო კერძო სექტორი და ადგილობრივი მოსახლეობა.
წლის დასაწყისში, ზამთრის სეზონზე, სამთო კურორტების პოპულარიზაციისათვის, მესტიასა და გუდაურში ფესტივალი „გიზ-გიზი“ ჩატარდა, პროექტის ფარგლებში მოეწყო სამეწარმეო ბაზარი და მუსიკალური სივრცე.
ფესტივალი „გემო“ გაიმართა ქუთაისში, ამბროლაურში, ბორჯომსა და შეკვეთილში.
ფესტივალში ღვინის, კვებისა და სამეწარმეო ობიექტები მონაწილეობდნენ. ფესტივალში 53 მეწარმე იყო ჩართული. ფესტივალის მიზანია რეგიონებში ადგილობრივი სამზარეულოს პოპულარიზაცია, მეწარმეების/ოჯახების ხელშეწყობა, შიდა და საერთაშორისო მოგზაურების ნაკადების ზრდა.
ფესტივალების პარალელურად ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, მთელი წლის განმავლობაში, სვანეთში, იმერეთში, გურიაში, რაჭაში, სამცხე-ჯავახეთში, მცხეთა-მთიანეთში, აჭარაში, კახეთში, სამეგრელოში, შიდა ქართლსა და თუშეთში გასტრონომიული და გაცნობითი ტურები მოაწყო.
ღონისძიებებში ტუროპერატორები, ფოტოგრაფები, ჟურნალისტები, ბლოგერები და შეფ-მზარეულები მონაწილეობდნენ.
გაცნობითი ტურების მიზანია რეგიონებისა და ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაცია, შიდა ტურისტული ნაკადების გაზრდა, ადგილობრივი მეწარმეების, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა.












