„შეხვედრის დასაწყისიდანვე შევთანხმდით, რომ მომდევნო შეხვედრა გაიმართება ზეგ დილით“ - პრემიერ-მინისტრთან დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლების შეხვედრა დასრულდა

სს

პრემიერ-მინისტრთან დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლების შეხვედრა დასრულდა. გადაწყდა, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც სავარაუდოდ 5 ივნისს კიდევ ერთხელ შეიკრიბება.

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვის მშობელი, თაკო გოგალაძე ამბობს, რომ მომდევნო შეხვედრაზე უკვე საუბარი შეეხება კონკრეტულ პრეპარატებს, როგორ შემოვიდეს ქვეყანაში უმოკლეს დროში.

"დღევანდელი შეხვედრა, ძირითადად, ემსახურებოდა მოსმენას თავიდან ბოლომდე. ბატონმა ირაკლი კობახიძემ მოისმინა არსებული პრობლემები და მედიკამენტების შესახებ პირადად ჩვენგან მოისმინა ინფორმაცია. დიალოგის დასაწყისიდანვე, ანუ შეხვედრის დასაწყისიდანვე შევთანხმდით, რომ მომდევნო შეხვედრა გაიმართება ზეგ დილით. ვიმედოვნებთ, რომ შემდეგი შეხვედრა ზეგ დილით, პირადად მასთან უკვე იქნება კონკრეტულ მედიკამენტებზე, როგორ და რანაირად შემოვიდეს ქვეყანაში უმოკლეს დროში," - აცხადებს თაკო გოგალაძე.

მშობლების განცხადებით, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ პოზიტიურად არიან განწყობილი. მთავრობის ადმინისტრაციაში მშობლებს პრემიერ-მინისტრი, ჯანდაცვის მინისტრი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი თითქმის 2 საათის განმავლობაში ხვდებოდნენ.