სასაზღვრო პოლიციის უფროსმა აშშ-ის საზღვრის დაცვის უწყების ვაშინგტონის ოფისის დელეგაციას უმასპინძლა

სასაზღვრო პოლიცია

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას ამერიკის შეერთებული შტატების საზღვრის დაცვის უწყების ვაშინგტონის ოფისის დელეგაცია, აშშ-ის საბაჟო და საზღვრის დაცვის ევროპის სამსახურის დირექტორის - აბდიას ორტიზის ხელმძღვანელობით, ოფიციალური ვიზიტით ეწვია. სტუმრებს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ნიკოლოზ შარაძემ პირველ მოადგილესთან - პოლკოვნიკ გოჩა ჯანჯღავასთან ერთად უმასპინძლა.

ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრას აშშ-ის საბაჟო და საზღვრის დაცვის ევროპის სამსახურის დირექტორი აბდიას ორტიზი, აშშ-ის საბაჟო და საზღვრის დაცვის წარმომადგენელი - ანა პეტერსონი, აშშ-ის საბაჟო და საზღვრის დაცვის საველე ოპერაციების ოფისის წარმომადგენელი - გარეტ რეინჰარტი, აშშ-ის საბაჟო და საზღვრის დაცვის ატაშე თურქეთსა და კავკასიის რეგიონში - საურაბ ბჰატი, აშშ-ის ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამის (EXBS) რეგიონული მრჩეველი - კარენ ჩეისონი და ამავე პროგრამის უფროსი კოორდინატორი - ეკატერინე ფარღალავა ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის სასაზღვრო უწყებებს შორის არსებული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს, სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს და საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სწრაფი რეაგირების დანაყოფის შესაძლებლობების გაუმჯობესების მიმართულებით შემდგომი დახმარების პრიორიტეტები განსაზღვრეს.ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სწრაფი რეაგირების მთავარ სამმართველოს ეწვივნენ, სადაც ადგილობრივი ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და დანაყოფის საქმიანობას გაეცნენ.