საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით, პარლამენტის სტაჟიორებისთვის ღონისძიება გაიმართა

პარლამენტის სტაჟიორებისთვის ღონისძიება გაიმართა

საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ნინო წილოსანის ინიციატივით, პარლამენტის სტაჟიორებისთვის ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა,  1700 წლის წინ ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებით ჩვენს სახელმწიფოს ისტორიული მისია დაეკისრა, რასაც საუკუნეების განმავლობაში საქართველო პირნათლად ასრულებდა.

„ქრისტიანული სახელმწიფოებრიობა ჩვენთვის  ევროპული ცივილიზაციის ნაწილად ყოფნას ნიშნავს.  როდესაც ვსაუბრობთ ჩვენს ევროპულ მისწრაფებებზე, სინამდვილეში ვესწრაფვით საკუთარი წარსულისადმი ერთგულებას. საქართველო ევროპული ცივილიზაციის თანაშემოქმედია, ვინაიდან ევროპული ცივილიზაცია სწორედ რომ ქრისტიანულ ღირებულებებზე დგას“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა და პატივია იმ ეპოქაში ცხოვრება, როდესაც შენს ქვეყანაში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წელი აღინიშნება.

პარლამენტის სტაჟიორებს მისასალმებელი სიტყვით ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა, მეუფე დანიელმა მიმართა, რის შემდეგაც წაიკითხა მოხსენება თემაზე: „საქართველოს ქრისტიანული მემკვიდრეობა და მისი როლი ეროვნული იდენტობის ჩამოყალიბებაში“.

ღონისძიების მონაწილეებმა ასევე მოისმინეს თეოლოგ გიორგი გვასალიას მოხსენება - „ქრისტიანობა როგორც ადამიანთან ურთიერთობის ფუნდამენტი“.

ღონისძიების ფარგლებში, პარლამენტის სტაჟიორებისთვის ნაჩვენები იყო რეჟისორ მერაბ კოკოჩაშვილის ფილმი „ტერცო მონდო“, ასევე, ვიდეორგოლები: „მომლოცველობითი მსვლელობები“ და „საქართველო ქრისტიანული სახელმწიფო - 1700“.

✕