საქართველოს პრეზიდენტი, მასწავლებლის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო, სადაც ლაურეატ პედაგოგებს ეროვნული პრემიის მიღება მიულოცა

ყაველაშვილი

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო, სადაც ლაურეატ პედაგოგებს ეროვნული პრემიის მიღება მიულოცა.

ღონისძიებას მიხეილ ყაველაშვილი ოჯახთან, პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. პრეზიდენტმა მასწავლებლის როლზე, განათლების მნიშვნელობასა და მომავალი თაობების აღზრდის პროცესში პედაგოგის პასუხისმგებლობაზე ისაუბრა.

მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, რომ მასწავლებლის ეროვნული დღის ქუთაისში აღნიშვნას განსაკუთრებული სიმბოლური დატვირთვა აქვს, რადგან ქალაქი საუკუნეების განმავლობაში საქართველოს საგანმანათლებლო და სასულიერო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრი იყო. ამასთანავე, 27 ოქტომბერი დიდი ქართველი პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის, იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს უკავშირდება.

„მასწავლებელი არის ის ადამიანი, რომელსაც სახელმწიფო ყველაზე ძვირფასს - ქვეყნის მომავალს ვანდობთ. სწორედ ამიტომ მასწავლებლის პროფესიული განვითარება, ღირსეული სამუშაო გარემო, სამართლიანი ანაზღაურება და თანამედროვე საგანმანათლებლო რესურსებზე ხელმისაწვდომობა არის არა უბრალოდ სოციალური პოლიტიკა, არამედ ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისა და სტრატეგიული განვითარების აუცილებელი წინაპირობა“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

მიხეილ ყაველაშვილი ასევე შეეხო თანამედროვე საგანმანათლებლო გარემოს გამოწვევებს, მათ შორის ტექნოლოგიურ პროგრესს, ხელოვნური ინტელექტის განვითარებასა და ინფორმაციის მზარდ ნაკადებს. პრეზიდენტის განცხადებით, ამ პირობებში მასწავლებლის ამოცანა მხოლოდ ინფორმაციის მიწოდება არ არის - მნიშვნელოვანია ახალგაზრდების უნარის განვითარება, გააანალიზონ მიღებული ინფორმაცია, შეაფასონ მისი სანდოობა და გამოიყენონ ცოდნა გონივრულად და პასუხისმგებლობით.

საქართველოს პრეზიდენტმა მასწავლებლის ეროვნული დღე თითოეულ პედაგოგს მიულოცა და მათ წარმატებები უსურვა.

✕